ბიძინა აჭრილია და ჩამოშლილია - კოტე კემულარიას აზრით, ოქრუაშვილს ბრალი ოპოზიციის გააქტიურების გამო დაუმძიმეს
ბიძინა აჭრილია და ჩამოშლილია - კოტე კემულარიას აზრით, ოქრუაშვილს ბრალი ოპოზიციის გააქტიურების გამო დაუმძიმეს

A+ A-

14:14 19/11/2019

 პარტია "გამარჯვებული საქართველოს“ წევრი კოტე კემულარია, პარტიის ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბუტა რობაქიძეს საქმეზე ბრალის დამძიმებას, ოპოზიციის გააქტიურებას უკავშირებს.

როგორც კემულარიამ “2020NEWS“-ს განუცხადა, ოქრუაშვილისთვის ბრალის დამძიმებით, ხელისუფლებამ მორიგი სისულელე ჩაიდინა.

“ბრალდებას ჯერ არ გავცნობილვარ, მაგრამ სისულელეა. იმ დროს ირაკლი ოქრუაშვილი, ფაქტობრივად, აღარ ასრულებდა მინისტრის მოვალეობას, ერთი კვირაში ტოვებდა თანამდებობას. ეს არის ამ ხელისუფლების მორიგი სისულელე და მორიგი დანაშაული. ირაკლი ოქრუაშვილის შიშით, ახლა ცდილობენ, ყველაფერი წარუდგინონ, რისი წარდგენაც შეიძლება“, - განუცხადა “2020NEWS“-ს კოტე კემულარიამ.

კითხვაზე, პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 2006 წლის რედაქტირებით რატომ წარუდგინა და სამართლებრივად რამდენად გამართლებულია, კემულარია ასე გვპასუხობს:

“ერთს გეტყვით, რამე დეტალებზე საუბარი ამ პროკურატურის მოქმედებაზე, უბრალოდ, უაზრობაა. კიდევ ერთხელ გეტყვით, ირაკლი ოქრუაშვილი იყო გარეთ და შეეძლოთ, მაშინ გამოეძიებინათ, მაგრამ არავის გახსენებია მაშინ ეს ბრალდება. მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ იმ ღამეს, სპეცოპერაციის დროს, ირაკლის არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. ახლა კი, რაღაცეებს ჩიჩქნიან. ეს საქმე საპნის ბუშტივით გასკდება და ბიძინა ივანიშვილს თავზე დაემხობა“.

კოტე კემულარის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშილის ბრალის დამძიმება პირდაპირ კავშირშია, ბოლო დღეებში, ოპოზიციის გააქტიურებასთან.

“ირაკლის ბრალის დამძიმება პირდაპირ კავშირშია ოპოზიციის გააქტიურებასთან. ბიძინა აჭრილია და ჩამოშლილია. გუშინდელი სპეცრაზმის გამოყვანაც ივანიშვილის შიშების პირდაპირი გაგრძელებაა“- განუცხადა კემულარიამ “2020NEWS“-ს.

„გამარჯვებული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერს ჯერ არ აქვს ინფორმაცია, ჩაიბარა თუ არა ოქრუაშვილმა ბრალდება პენიტენციალურ დაწესებულებაში. “არ ვიცი ზუსტად, ჩაბარდა თუ არა ბრალდება“ - განუცხადა კემულარიამ სააგენტოს.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ დღეს გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც წერია, რომ ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძს საქმეზე ბრალი დაუმძიმდათ.

“ზურაბ ადეიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით. ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით. ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდების შესახებ დადგენილება წარედგინება პენიტენციურ დაწესებულებაში“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.