საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო მატჩს ხორვატიას წინააღმდეგ გამართავს
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო მატჩს ხორვატიას წინააღმდეგ გამართავს

A+ A-

11:05 19/11/2019

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2019 წლის ბოლო თამაშს გამართავს. ვლადიმირ ვაისის მომზადებული გუნდის მეტოქე ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ხორვატიის ნაკრები იქნება.

ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე, საბა ლობჟანიძე, ლაშა დვალი და ჯემალ ტაბიძე ვერ ეხმარება. ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ბოლო ვარჯიშზე გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა დაშავდა და დღევანდელ შეხვედრაში ისიც ვერ ითამაშებს. ხორვატიის ეროვნული გუნდი კი მოედანზე კაპიტნის და მთავარი ვარსკვლავის, ლუკა მოდრიჩის გარეშე გამოვა.

მატჩის წინ, გუნდის მთავარა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სურს კარგი და ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება.

“ჩვენ, არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. ხორვატიას ძალიან კარგი ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავს. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მან ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა. საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, დღევანდელ მატჩში კარგი და ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება გვსურს. ვფიქრობ, რომ შვეიცარიის წინააღმდეგ მინიმუმ ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო. დღევანდელ შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს განვახორციელებთ და შანსი ასევე მიეცემათ, იმ მოთამაშეებს, რომლებიც ამ შესარჩევ ეტაპზე სათადარიგოთა შორის იყვნენ. რა თქმა უნდა, ხორვატიისა და სლოვაკეთის ორივე შეხვედრას ვუყურე. სლოვაკეთმა პირველ ნახევარში კარგად ითამაშა, მაგრამ მეორე ტაიმში ხორვატებმა თამაში გამოასწორეს და გაიმარჯვეს. ხორვატებს უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ. მათ ბოლო შეხვედრაში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი დააკლდათ, მაგრამ მაინც უმაღლეს დონეზე ითამაშეს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ხორვატიას არამხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავს“, - განაცხადა “ჯვაროსანთა“ მთავარმა მწვრთნელმა.

ხორვატია - საქართველოს თამაში დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.