პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მმართველმა პარტიამ კიდევ ერთი კენჭისყრა უნდა ჩაატაროს - მაიკლ კარპენტერი
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მმართველმა პარტიამ კიდევ ერთი კენჭისყრა უნდა ჩაატაროს - მაიკლ კარპენტერი

A+ A-

10:44 19/11/2019

“მმართველმა პარტიამ, როგორც ჩანს, გააკეთა ძალიან ცინიკური გათვლა იმაზე, რომ მას შეუძლია, უკან წაიღოს საკუთარი პირობა და ის, რომ საჭირო ხმათა უზრუნველყოფა არ მოხდა, პარტიის შიგნით არსებული უთანხმოების მიზეზით ახსნას”, – განუცხადა „ამერიკის ხმას“  აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მაიკლ კარპენტემა.

ამჟამად პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშრებით აცხადებს,  რომ ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, ამავე დროს კი სამოქალაქო ჯგუფებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მისცენ პარლამენტს მუშაობის შესაძლებლობა.

“ეს არის დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები, მაგრამ ამის მისაღწევად აუცილებელია დიალოგი”,  -  განაცხადა კარპენტერმა.

მისივე თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა თავის დროზე ძალიან გონივრული წინადადება იყო და მმართველმა პარტიამ კიდევ ერთი კენჭისყრა უნდა ჩაატაროს, პარტიის ლიდერებმა კი ამ თემაზე საჯაროდ მოითხოვონ მმართველი პარტიის ერთსულოვნება.

“ქართული საზოგადოების პოლარიზება პირდაპირ საქართველოს მტრების სასურველ როლს თამაშობს, მათ აძლევს ხელს და ქმნის ატმოსფეროს, რომელშიც მომავალ წელს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება რთულდება”, – აცხადებს კარპენტერი.