კონგრესმა ტრამპის მიულერისთვის მიცემული ჩვენების გამოძიება დაიწყო
კონგრესმა ტრამპის მიულერისთვის მიცემული ჩვენების გამოძიება დაიწყო

A+ A-

10:30 19/11/2019

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეცპროკურორ რობერტ მიულერისთვის მიცემული ჩვენების გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, გამოძიება იმპიჩმენტის პროცესის ფარგლებში მიმდინარეობს. კანონმდებლები გაარკვევენ მისცა თუ არა ტრამპმა ცრუ ჩვენება რუსეთის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამოძიების მსვლელობისას. სიმართლის დასადგენად დემოკრატებს მიულერის გამოძიების საიდუმლო მასალების მიღებაც უნდათ. პრეზიდენტმა ჩვენება წერილობითი ფორმით მისცა. 

რუსეთის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საქმეზე გამოძიება 22 მარტს დასრულდა. დასკვნის მიხედვით,  შეთქმულებისა თუ კონსპირაციის არც ერთი ფაქტი არ იკვეთება. აგრეთვე, არ დგინდება ტრამპისა და მისი გარემოცვის რომელიმე წევრის მხრიდან სახელმწიფოს ღალატის არც ერთი შემთხვევა. საქმის გამომძიებელი სპეცპროკურორი, რობერტ მიულერი თანამდებობიდან 29 მაისს გადადგა. 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. დემოკრატებმა ივარაუდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტის, ჯო ბაიდენის და მისი შვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა. 13 ნოემბერს იმპიჩმენტზე საჯარო მოსმენები დაიწყო.