ფეხბურთის ფედერაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს
ფეხბურთის ფედერაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

A+ A-

11:32 17/11/2019

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარდაჭერას უცხადებს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა საზოგადოების პრეზიდენტს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც რამდენიმე დღეა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფება, - ამის შესახებ ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ვაჟა გაფრინდაშვილს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი სპორტული ტრავმატოლოგიის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. ბატონი ვაჟა ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელია და თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს უამრავ მოქალაქეს, მათ შორის, ძალიან ბევრ ფეხბურთელს დახმარებია გამოჯანმრთელებაში და პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაში. იმედს გამოვთქვამთ, რომ ის უმოკლეს დროში დაუბრუნდება ოჯახს და გააგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას“, - აღნიშნულია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებიან. დაკავებულის კოლეგების ინფორმაციით, ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან ერთადერთ რამეს ითხოვენ: აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზეც ის კატეგორიულ უარს აცხადებს.