უმრავლესობასთან კონსულტაციებს არ გამოვრიცხავ - დავით ბაქრაძე
უმრავლესობასთან კონსულტაციებს არ გამოვრიცხავ - დავით ბაქრაძე

A+ A-

18:04 16/11/2019

“არ გამოვრიცხავ არც უმრავლესობასთან კონსულტაციებს, ოღონდ ამისთვის საჭიროა ოდნავ მაინც ადეკვატურად მოიქცნენ, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

“არ გამოვრიცხავ არც უმრავლესობასთან კონსულტაციებს, ოღონდ ამისთვის საჭიროა ოდნავ მაინც ადეკვატურად მოიქცნენ, საჭიროა ოდნავ მაინც თვალი გაახილონ და თვალი გაუსწორონ იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაშია. არ გვატყუებდნენ, რომ თურმე უმრავლესობის შეკრებები ეძღვნება ბიუჯეტის განხილვებს. იმ ბიუჯეტის, რომელიც არასდროს არ გახსენებიათ, არასდროს არ შეუწუხებიათ თავი წინა წლებში და არ გვეთამაშონ ხელის გადაწევა, რომ ვინ უფრო მაგარია და ვინ უფრო მეტად არ შეიმჩნევს, რა ხდება ქვეყანაში. როგორც კი ხელისუფლება ოდნავ მაინც ადეკვატური გახდება და დააფიქსირებს, რომ ქვეყანაში არის მათი შექმნილი კრიზისი და ამ კრიზისიდან არის გამოსავალი მოსაძებნი, რა თქმა უნდა, სრულიად არ გამოვრიცხავ, რომ მათთანაც დაიწყოს კონსულტაციები და მოლაპარაკება, მათ შორის, სწორედ ე.წ.გერმანულ მოდელთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს “მაგარი ბიჭობანა“ ითამაშოს.

„დღემდე ხელისუფლება ჯიუტობს. ცდილობს, ითამაშოს „მაგარი ბიჭობანა“ და არ შეიმჩნიოს, რომ ქვეყანაში კრიზისია. ეს მათ არ გამოუვათ და ამიტომ შესაბამისად, პირველი და მთავარი მიმართულება ოპოზიციის მოქმედებაში იქნება საპროტესტო აქციების გაგრძელება. საპროტესტო აქციები გაგრძელდება, კიდევ უფრო გაიზრდება და გამწვავდება და საპროტესტო აქციები იქნება მანამ, სანამ ამ ხელისუფლებას არ შევაგნებინებთ, რომ ქვეყანაში არის მათი შექმნილი კრიზისი და ამ კრიზისიდან უნდა მოძებნონ გამოსავალი. მე მჯერა, რომ ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა საკუთარი პროტესტის გამოსახატად. ამის პარალელურად გვექნება შეხვედრები უახლოეს დღეებში საერთაშორისო თანამეგობრობასთან და ელჩებთან. წინასწარი კომუნიკაცია უკვე გვქონდა და შეგვიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ დადებითია ელჩების განწყობა იმ შუალედური ვარიანტის მიმართ, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, როგორც გამოსავალს ე.წ. გერმანული მოდელის სახით. ეს შეხვედრა უახლოეს დღეებში ჩატარდება. გარდა ამისა, ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება ასევე შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან და იურიდიული საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც ასევე ვიმსჯელებთ ე.წ გერმანული მოდელის შესახებ, ანუ ჩვენი ამოცანა იქნება ქვეყნის შიგნით ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ საპროტესტო განწყობა, რომ ხელისუფლებამ შეიგნოს, რომ ქვეყანაში კრიზისია და გამოსავალი უნდა მოძებნო, ხოლო, მეორე მხრივ, არასამთავრობოებთან, ექსპერტებთან, უცხოელ პარტნიორებთან ერთად მოვძებნოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ კრიზისიდან. განსხვავებით ხელისუფლებისგან, რომელმაც საკუთარი ტყუილით და უპასუხისმგებლობით ქვეყანა შეიყვანა კრიზისში და დააზიანა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, რომელიც ეძებს გამოსავალს ამ სიტუაციიდან“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.