კალათბურთის ფედერაცია ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებს
კალათბურთის ფედერაცია ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებს

A+ A-

16:13 16/11/2019

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია სოლიდარობას უცხადებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს. ამის შესახებ კალათბურთის ფედერაციამ ოფიციალური წერილიც გამოაქვეყნა.

“საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სოლიდარობას უცხადებს ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს ქვეყანაში საკალათბურთო და ზოგადად სპორტული მედიცინის მოდერნიზების საქმეში და იმედს გამოთქვამს, რომ სამთავრობო სტრუქტურებისა და თუ საჭირო გახდა, საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩარევით ის მალე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს და საქმიანობას“ - ნათქვამია კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ცნობილი ექიმი, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი, ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს დაკავებული ჰყავს. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი დაშავებულების მოსანახულებლად იყო ჩასული და მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.