იყო დიდი ალბათობა, რომ უმრავლესობა დაშლილიყო - კალაძე
იყო დიდი ალბათობა, რომ უმრავლესობა დაშლილიყო - კალაძე

A+ A-

18:11 15/11/2019

გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა, იყო დიდი ალბათობა, რომ უმრავლესობა დაშლილიყო და ეს მხოლოდ ჩვენი ოპონენტების წისქვილზე დაასხამდა წყალს, რომ შეფერხებულიყო ჩვენი ყველაზე დიდი ინსტიტუტის – პარლამენტის მუშაობა. ახლა ამის საფრთხე ნამდვილად არ არის, – ამის შესახებ დედაქალაქი მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საუბარი, რომ საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს ქვეყანაშია,  არადემოკრატიულია, ძალიან დიდი ტყუილია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

„ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არის ანალოგიური სისტემა. არის სხვა სისტემებიც, არის მთლიანად მაჟორიტარული სისტემაც. მაგალითად, ამერიკაში, იქ არის მხოლოდ მაჟორიტარული სისტემა, როგორც შერეული, სადაც არის ნახევრად მაჟორიტარული და ნახევრად პროპორციული. შერეული სისტემა ბევრ ქვეყანაშია და ეს არის დემოკრატიული სისტემა. ჩვენ არ გვაქვს დღეს ქვეყანაში არადემოკრატიული საარჩევნო სისტემა, შესაბამისად, უნდა მოვემზადოთ არსებული სისტემის ფარგლებში არჩევნებისთვის. ივანიშვილის ავტორიტეტი ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს გუნდშიც, ქვეყანაშიც და ეს გამოიხატება საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერაში. დიდი იმედი გვაქვს, რომ მხარდაჭერა და თანადგომა გვექნება 2020 წლის არჩევნებზეც“, – განაცხადა კალაძემ.