“ოცნებას“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძეც ტოვებს
“ოცნებას“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძეც ტოვებს

A+ A-

23:51 14/11/2019

საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ დაწერა.

“დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდით საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას! სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ვესწრებოდი ბოლო დღეების სხდომებს და ვერც ვხედავდი რაიმე განსაკუთრებულ რისკს, რომ საკითხს არ ექნებოდა საკმარისი მხარდაჭერა. მოცემული რეალობიდან გამომდინარე, მიწევს ჩემთვის რთული გადაწყვეტილების მიღება. დღეიდან ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და შესაბამისად, უმრავლესობის პარტიას”,-წერს ბეგაძე.

შეგახსენებთ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.  საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.

კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, ასევე უმრავლესობის დეპუტატებმა – თამარ ხულორდავამ, სოფო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ზაზა ხუციშვილმა საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.

მოგვიანებით უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა,  პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურისთავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.