ივანიშვილი აუჯანყდა საქართველოს - დავით უსუფაშვილი
ივანიშვილი აუჯანყდა საქართველოს - დავით უსუფაშვილი

A+ A-

16:23 14/11/2019

ივანიშვილი აუჯანყდა საქართველოს და დადგა ის სპექტაკლი რომელიც ვნახეთ , - ასე აფასებს "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას.

"ვის ვინ აუჯანყდა?! ვინ აუჯანყდა ივანიშვილს?! ივანიშვილი აუჯანყდა საქართველოს და დადგა ის სპექტაკლი რომელიც ვნახეთ.

კარგი იქნებოდა ყველას დაეჯერებინა რასაც ოთხი თვე ვიმეორებდი, არ შეიძლება სიტყვაზე ნდობა, არ შეიძლება დამშვიდება. საჭიროა მოქმედება. ივანიშვილი თვლის რომ მღვრიე წყალში მსუყე თევზის დაჭერის საშუალება ექნება საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნით. რატომ? იმიტომ რომ პროცესი გადავიდა სხვა სიბრტყეში, სხვა რეალობაში. პროცესი გავიდა დიალოგის, განსჯის, სახელმწიფოებრივად აზროვნების ფარგლებს მიღმა. ივანიშვილის მეორე სერიის არსიც შეიძლება ეს არის, მღელვარების ტალღის ფონზე ვადამდელი არჩევნების მომწიფება. საბოლოო გეგმა კი ისაა რომ შუა ზამთარში ამ ქაოსის ფონზე, როცა ოპოზიცია დაქსაქსულია მან ვადამდელი არჩევნები ჩაატაროს.“, - აცხადებს უსუფშვილი. 

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე ხელმოწერა. თუმცა დღეს გარკვეული დეპუტატები ისევ შერეულ სისტემაზე დარჩენას მოითხოვენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი და რამდენიმე მათი თანამოაზრე უმრავლესობიდან, ივანიშვილს შეხვდნენ, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. მათი თქმით, კონსესუსი ვერ შედგა.

თავის მხრივ ივანიშვილი აცხადებდა, რომ დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც დღეს, ამ ახალი ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია, მისი ფავორიტი მებრძოლია.

კანონპროექტი ჩავარდა, შესაბამისად 2020 წელს პროპორციული სიტემით არჩევნები აღარ ჩატარდება.