ვინც "ოცნების" დისციპლინას არ დაემორჩილება, პარტიას დატოვებს - დეტალები "ოცნების" დახურული შეხვედრიდან
ვინც "ოცნების" დისციპლინას არ დაემორჩილება, პარტიას დატოვებს - დეტალები "ოცნების" დახურული შეხვედრიდან

A+ A-

18:06 13/11/2019

“2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში განვითარებული პროცესების დეტალები. დღეს მმართველი პარტიის წევრები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერების მიზნით ერთ სამუშაო სივრცეში შეიკრიბნენ.

როგორც სააგენტოს “ქართული ოცნებიდან“ ინფორმირებული წყარო უყვება, შეხვედრაზე მმართველი პარტიის ლიდერების, მათ შორის, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მეტწილი შეტევა “ქართული ოცნების“ დეპუტატზე დიმიტრი ხუნდაძეზე განხორციელდა, რომელსაც ჩვენი წყაროს ცნობით, გააფრთხილეს:

“თუ არ გაჩერდებოდა, სხდომას დაატოვებინებდნენ. ამის შემდეგ დიმიტრი ხუნდაძე თავშეკავებულად საუბრობდა და სხვების მიერ გამოთქმული აზრების კორექტირებას ახდენდა“, - განუცხადეს სააგენტოს.

ამავე წყაროს ცნობით, სხდომაზე “ოცნების“ იმ დეპუტატებს, რომლებიც “ქართული ოცნების“ დისციპლინას არ დემორჩილებიან და საკანონმდებლო ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ, პარტიიდან წასვლისკენ მიუთითეს.

“პირდაპირი არა, მაგრამ მინიშნება იყო, რომ ვინც “ქართული ოცნების“ დისციპლინას არ დაემორჩილება, პარტიის დატოვება მოუწევს“,- განუცხადეს  სააგენტოს.

შეგახსენებთ, დღეს “ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა, სადაც საკონსტიტუციო ცვლიელების შესახებ მსჯელობდნენ. აღნიშნული შეხვედრა არანაყოფიერად დასრულდა, რადგან დეპუტატებმა პოზიციების შეჯერება ვერ მოახერხეს.

კანონპროექტის განხილვა, რომელიც 2020 წლიდან მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვალას ნულპრცენტიანი (ბუნებრივი) ბარიერის პირობებში ითვალისწინებს, ხვალისთვის გადაიდო.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე