პოლიცია კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას აგრძელებს - ვაჟა სირაძე
პოლიცია კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას აგრძელებს - ვაჟა სირაძე

A+ A-

18:41 09/11/2019

შსს მეორე დღეა, აგრძელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას თბილისში არსებული კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიაზე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ „გალერეა თბილისთან“ განაცხადა, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება უნდა გაიმართოს.

მისი თქმით, კინოთეატრებში უსაფრთხოების ზომები დაცულია.

„დღესაც, როგორც გუშინ, თითოეულ ლოკაციაზე დაცული იქნება თითოეული მოქალაქის უფლებები და მართლწესრიგი. არსებული ინფორმაციით, ჯამში გუშინ დააკავეს 28 პირი, მათ შორის 25 თბილისში, სამი – ბათუმში. დაკავებულებიდან ერთი პირი დაკავებულია ძალადობის ფაქტზე. შემოწმებულია კინოდარბაზები კინოლოგების მიერ. დღესაც მაყურებლების შემოწმების პროცედურები იქნება სტანდარტული, მეტალოდეტექტორის გავლის შემდეგ შევა მაყურებელი დარბაზში“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ დაიწყო. ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები, „ქართული მარშის“ წევრები და მხარდამჭერები ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდნენ და პრემიერის ჩაშლას გეგმავდნენ, რასაც დაპირისპირება რამდეჯერმე მოჰყვა. 8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.