ლევან აკინმა ბავშვები ფილმში მოტყუებით გადაიღო - სანდრო ბრეგაძე
ლევან აკინმა ბავშვები ფილმში მოტყუებით გადაიღო - სანდრო ბრეგაძე

A+ A-

15:56 09/11/2019

პროკურატურაში დღეს ან ხვალ შევა სარჩელი, რომლის მიხედვითაც, ფილმში მონაწილე ბავშვების მშობლები მოითხოვენ საქმის აღძვრას რეჟისორ ლევან აკინის და ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემქმნელების მიმართ, – ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მას აღნიშნული ინფორმაცია თავად ფილმში გადაღებული არასრულწოვნების მშობლებმა მიაწოდეს.

„დამიკავშირდნენ არასრულწლოვნების მშობლები. ზაფხულში ლევან აკინმა პატარა ბავშვები მოტყუებით წაიყვანა ქალაქგარეთ და გადაიღო ისინი გარკვეულ სცენებში, რომლებიც არის ამ ფილმში გამოყენებული. ბავშვები მოატყუა, რომ ის იღებდა რაღაც საბავშვო ფილმს ქართულ ცეკვაზე და ამის შემდეგ ეს ბავშვები გამოიყენა თავის პროპაგანდისტულ ფილმში. ეს მშობლები მზად არიან, პროკურატურაში შეიტანონ სარჩელი, უჩივლონ მას. ეს არის ბავშვთა უფლებების დარღვევა, რის გამოც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება აუცილებლად ლევან აკინს და ფილმის მესვეურები ალბათ დაპატიმრებულები იქნებიან. დღეს მელაპარაკა ერთი მშობელი, მაგრამ მან როგორც მითხრა ეს ეხება ხუთ-ექვს ბავშვს, კადრებიც გამომიგზავნა, სადაც მისი შვილია გადაღებული“, – განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს კინოთეატრებში “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება 4 ფაქტზე დაიწყო. ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა. ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს.