ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დანაშაულს არ აღიარებს
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დანაშაულს არ აღიარებს

A+ A-

23:24 08/11/2019

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებული ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის უფლებადამცველმა ნუგზარ ტყებუჩავამ განუცხადა. „თავს დამნაშავედ არ ცნობს. თავს გრძნობს ნორმალურად, რადგან დანაშაული არ ჩაუდენია,“- განაცხადა ნუგზარ ტყებუჩავამ.

შეგახსენებთ, დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია დააკავა. საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგანაც: სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა.

მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და ახლანდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 და 2017 წლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმდა ორი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქ ფოთში, მალთაყვის უბანში, სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. სამუშაოების მიმდინარეობისას, კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შესრულებული სამუშაოების აქტებში - საანგარიშსწორებო დოკუმენტებში შეჰქონდათ ყალბი, გაზრდილი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობებთან დაკავშირებით, რა გზითაც, ისინი მოტყუებით ეუფლებოდნენ სახელმწიფო სახსრებს. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ერთ შემთხვევაში მოტყუებით დაუფლებულია 439 892 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 88 929 ლარი, ჯამში 528 821 ლარი.