“ნაციონალური მოძრაობა“ არის ბანძი ოპოზიცია, მათი მსხვერპლი ვერასოდეს გავხდები - ირაკლი ზარქუა
“ნაციონალური მოძრაობა“ არის ბანძი ოპოზიცია, მათი მსხვერპლი ვერასოდეს გავხდები - ირაკლი ზარქუა

A+ A-

17:34 08/11/2019

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ მერიის მიერ საახალწლო ილუმინაციების შეძენაზე და ტენდერების გამოცხადების პროცედურებზე ოპოზიციის განცხადებებს უპასუხა.

მისი თქმით, საახალწლო ილუმინაციები დედაქალაქს სჭირდება, ტენდერები კი ღია და გამჭვირვალეა, რომლის შესახებ ინფორმაციაც ყველასთვის ხელმისაწვდომია.

„წინა ხელისუფლების დროს, 2009 წელს, 2 მილიონ 50 ათასი აქვთ დახარჯული საახალწლო ილუმინაციების შეძენა-ექსპლუატაციაზე, 2010 წელს 2 მილიონ 655 ათასი, 2011 წელს მილიონ 947 ათასი. ნაძვის ხესაც ვიყიდით, ილუმინაციებსაც, იმიტომ რომ საახალწლო განათება და ღონისძიებები სჭირდება დედაქალაქს და ის რომ, ამას თბილისის მერია მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით აკეთებს, ოპოზიციის მიერ ჩატარებულ რეიტინგებშიც ჩანს, სადაც კახა კალაძე ლიდერია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 9%-იან ნიშნულზე. რაც შეეხება ტენდერებს, რომელიც ოპოზიციამ ახსენა და განაცხადა, რომ თითქოს მხოლოდ ერთი კომპანია იღებს ამ ტენდერებში მონაწილეობას. პირიქით, ეს ინფორმაცია საჯარო, ღია და გამჭვირვალეა. ჩვენ ვთქვით, რომ ვაკეთებთ აქცენტს ხარისხზე, რომ შეძენილი პროდუქცია გრძელვადიანი იყოს. წელს ახალი ნაძვის ხე შევიძინეთ, ძველი კი გადადის სხვა ლოკაციაზე“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მისი ოჯახის მიერ ქონების შეძენაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის ბრალდებას უპასუხა და მორიგი სპექტაკლი უწოდა. მისი განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობა“ მის ბულინგს ცდილობს.

„ვერასოდეს გავხდები „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვერპლი, იმიტომ რომ უსინდისოები, მორალის და ღირსების გარეშე არიან. განმარტებას საზოგადოებისთვის მაინც გავაკეთებ- ჩემი ჩემი მეუღლის ოჯახი, რომელიც დღეს ახსენეს, კონკრეტულ მისამართზე 1977 წლიდან ცხოვრობს. ამ ადგილას დარჩენილი იყო მონაკვეთი, რომლის რეგისტრაციისთვის 2015 წელს ჩემი მეუღლის ოჯახმა ლეგალიზების კომისიას მიმართა, მე ამ დროს პოლიტიკაში არ ვიყავი. ლეგალიზების კომისიის გადაწყვეტილებით, მათ ეს მიწის ნაკვეთი შეიძინეს და ამის გადახდის ქვითრებიც არსებობს. ეს ბრალდება არის ბანძი ოპოზიციის მეთოდი, უაპელაციოდ დააბრალონ ადამიანს რამე და მერე ისე გაიქცნენ, რომ პასუხსაც არ დაელოდონ. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბანძი ოპოზიცია, რომელიც მცდარ ინფორმაციას ავრცელებს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობა საკრებულოსთან ერთად ყველა პრობლემას აგვარებს, ავტობუსების, ტაქსის რეფორმები წარმატებით მიმდინარეობს და დედაქალაქს საოცარი ახალი წელი ელოდება. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.