ვინ ჩაიბარებს განათლების მინისტრის პოსტს?
ვინ ჩაიბარებს განათლების მინისტრის პოსტს?

A+ A-

15:58 08/11/2019

განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადადგომის შემდეგ იმ სავარაუდო კანდიდატების ვინაობა სახელდება, ვინც  შესაძლოა, განათლების მინისტრის პოსტი დაიკავოს. „კურიერის“ ინფორმაციით, მინისტრის სავარძელი შესაძლოა,  სოზარ სუბარმა, მაგდა მაღრაძემ, მაია მიმინოშვილმა ან ირინა აბულაძემ  დაიკავოს.

"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე "კურიერთან" სატელეფონო ინტერვიუს დროს გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

მისი თქმით, განათლების სამინისტროში სთავაზობდნენ გარკვეულ პოზიციას, თუმცა მინისტრის პოსტზე საუბარი არ ყოფილა.

ასევე, კატეგორიულად უარყოფს ყოველგვარ შემოთავაზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი მაია მიმინოშვილიც.

მიმინოშვილმა "კურიერთან" სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ამ ინფორმაციას არანაირი საფუძველი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი 7 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა. ბატიაშვილის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტს 1 წელი და 4 თვე იკავებდა. 

წყარო: რუსთავი 2