კახეთში მოკლული, 61 წლის ქალი სკამზე "სკოჩით" იყო მიბმული - მკვლელობის ფაქტის ახალი დეტალები
კახეთში მოკლული, 61 წლის ქალი სკამზე "სკოჩით" იყო მიბმული - მკვლელობის ფაქტის ახალი დეტალები

A+ A-

11:45 07/11/2019

"პოლიცია ამბობს, რომ ნაწამებია, სკამზე “სკოჩით“ იყო მიმაგრებული და ხელები ქონდა შეკრულიო. ჩვენ ვფიქრობთ, ყაჩაღობა და ქურდობის ამბავია, მაგრამ ჯერ არ ვიცით რა არის წაღებული“, - აცხადებს კახეთში მოკლული, 61 წლის ქალის მეზობელი. მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

სოფელ არბოშიკში გარდაცვლილი თამარ სეფიაშვილის ნათესავების ინფორმაციით, სკამზე “სკოჩით“ მიბმულ ქალს სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. მათი ვერსიით, მომხდარის მოტივი, სავარაუდოდ, ყაჩაღობაა. თუმცა, ვერ აკონკრეტებენ, რა არის წაღებული სახლიდან.

"წინა დღეს ჩემთან იყო, ცოტა აფორიაქებული. საერთოდ, ძალიან მშვიდი ქალი იყო. შემდეგ მისმა შვილმა დამირეკა ესპანეთიდან, დედას ვერ ვეკონტაქები და იქნებ, უთხრაო. სახლში რომ მივედი, დავინახე შუშები ჩამტვრეული იყო, სახლი არეული. შემეშინდა და პოლიცია გამოვიძახეთ", - განაცხადა მოკლულის მეზობელმა ლიანა მაძღარიაშვილმა.

შეგახსენებთ. შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მოხდა. გარდაცვლილი ქალის ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა. ფაქტზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.