"თანასწორობის მოძრაობა" შსს-ს ფილმ "და ჩვენ ვიცეკვებთ" სეანსების უსაფრთხოების დაცვას სთხოვს
"თანასწორობის მოძრაობა" შსს-ს ფილმ "და ჩვენ ვიცეკვებთ" სეანსების უსაფრთხოების დაცვას სთხოვს

A+ A-

11:12 06/11/2019
“თანასწორობის მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაიცვას ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” სეანსებზე დამსწრეთა უსაფრთხოება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ფილმის სეანსებს ვერ დაესწრებიან მთავარი როლის შემსრულებლები უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.
 
“ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია. გაიყიდა ყველა ბილეთი. ამ ფონზე ჰომოფობიური ჯგუფები ემზადებიან მანიფესტაციის გამართვისთვის, აპირებენ კინოთეატრების გადაკეტვას, რაც ზრდის საფრთხეს, რომ თავს დაესხმებიან ფილმზე დასასწრებად მისულ ადამიანებს. მათ, საპატრიარქოსთან აფილირებულ ჯგუფებს, ზურგს უმაგრებს ეკლესიის პრესმდივნის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაც, რომ ისინი პროტესტით ხვდებიან ფილმის პრემიერას. ვთვლით, რომ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები, მიუხედავად მათი სურვილისა “მაჰათმა განდის მშვიდობიანი მეთოდებით” პროტესტს მიმართონ, შორს დგანან მანიფესტაციის მშვიდობიანი ფორმებისგან. ისინი ხშირად პოლიციასთან კონფრონტაციასაც კი არ ერიდებიან. რაც არაერთხელ დადასტურებულა”, – ნათქვამია თანასწორობის მოძრაობის განცხადებაში.
 
“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, "რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, შსს-ში აცხადებენ, რომ იმოქმედებენ კანონის შესაბამისად.