ვინ არიან ეკლესიიდან განკვეთილი მღვდელმთავრები და მღვდელმსახურები - "2020NEWS"- ის ექსკლუზივი
ვინ არიან ეკლესიიდან განკვეთილი მღვდელმთავრები და მღვდელმსახურები - "2020NEWS"- ის ექსკლუზივი

A+ A-

12:42 04/11/2019

“2020NEWS”-მა წლების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით, ეკლესიიდან განკვეთილი მღვდელთმთავრების შესახებ ინფორმაცია მოიძია. გთავაზობთ იმ მღვდელმსახურების ჩამონათვალს, რომლებთაგან ზოგი ეკლესიაზე მიტანილი იერიშის, ქონების მითვისების ან სოდომ-გომორული ცოდვის გამო მღვდელმსახურებიდან განიკვეთა.

2019 წლის 31 ოქტომბერს, წმინდა სინოდის განაჩენის თანახმად, ჭყონდიდის ყოფილ ეპისკოპოსს, მეუფე პეტრეს (ცაავა) მღვდელმოქმედება აეკრძალა, ეპარქიის მმართველობიდან გათავისუფლდა და მონასტერში მოსანანიებლად  გამწესდა.

ამონარიდი 2019 წლის 31 ოქტომბერი სინოდის განჩინებიდან: “წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების, ხშირ შემთხვევაში ცილისწამებებისა და სხვა კანონიკური დარღვევების გამო, ერთხმად მოუწოდეს მეუფე პეტრეს სინანულისაკენ. მიტროპოლიტმა პეტრემ არ სცნო თავი დამნაშავედ და არ დაეთანხმა სინოდის მოწოდებას მონანიების თაობაზე. წმინდა სინოდმა განაჩინა:

მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე (სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი), რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს) აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად“.

2017 წლის ივნისში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ ე.წ. “ციანიდის საქის“ სკანდალის გამო დეკანოზ გიორგი მამალაძეს სამღვდელო ხარისხი ჩამოართვა და საღმრთო ზიარება შეუჩერა. დეკანოზი მამალაძე, რომელსაც ბრალი პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვისთვის ედება, სასჯელს ამ დრომდე იხდის.

2015 წელს წმინდა სინოდმა მღვდელმონაზონ ილიას (ვაშაკიძეს) მღვდელოქმედება აუკრძალა. სინოდის განჩინების თანახმად, ის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იერარიქებზე ცილისმწამებლურ განცხადებებს ავრცელებდა.

ამონარიდი 2015 წლის 22 დეკემბრის სინოდის ოქმიდან: წმიდა სინოდმა იმსჯელა მღვდელმონოზონ ილიას (ვაშაკიძე) შესახებ, რომელიც მუდმივად ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის იერარქებზე. იგი იყო დაბარებული საქართველოს საპატრიარქოში, მაგრამ არ გამოცხადდა. დაადგინეს: კონსტანტინეპოლის II კრების 6-ე და კართაგენის კრების მე-19 კანონების საფუძველზე, მღვდელმონოზონ ილიას (ვაშაკიძე) აეკრძალოს მღვდელმოქმედება“.

2013 წლის 11 ოქტომბერს წმინდა სინოდმა მღვდელმსახურება დეკანოზ იაკობ აბაშიძესაც აუკრძალა და სინანულისთვის ანტონ მარტყოფელის სახელობის მამათა მონასტერში გაგზავნა.  სინოდის ოქმში ამ გადაწვეტილების მიზეზების შესახებ საუბარი არ არის.

ამონარიდი 2013 წლის 11 ოქტომბრის წმინდა სინოდის ოქმიდან: “წმ. სინოდმა იმსჯელა დეკანოზ იაკობ აბაშიძის ქმედებების შესახებ და დაადგინა: მოციქულთა კრების XXVI;  ტრულის კრების V და VI; ნეო-კესარიის კრების I;  წმ. ბასილი დიდის  XXXII კანონების საფუძველზე დეკანოზ იაკობ აბაშიძეს აეკრძალოს მღვდელმსახურება და  სინანულისთვის გაიგზავნოს ღირსი ანტონ მარტყოფელის სახელობის მამათა მონასტერში“.

2004 წლის 14 დეკემბერს წმინდა სინოდმა მღვდელმოქმედება აუკრძალა დეკანოზ ბასილ კობახიძეს, რომელიც სინოდის განჩინების თანახმად, ანტიეკლესიურ საქმიანობას ეწეოდა და ანტიმართლმადიდებლურ სწავლებას ავრცელებდა.

ამონარიდი 2004 წლის 14 დეკემბერის  სინოდის  ოქმიდან: “მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ ბასილ კობახიძეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 2003 წლის 18 აგვისტოს წმიდა სინოდის განჩინებით მიცემული ჰქონდა უკანასკნელი გაფრთხილება, იგი კვლავაც აგრძელებს ანტიეკლესიურ საქმიანობას და ავრცელებს ანტიმართლმადიდებლურ სწავლებას. წმიდა სინოდმა განაჩინა: დეკანოზ ბასილ კობახიძეს საეკლესიო კანონების უხეში დარღვევებისა და თვითნებობის გამო, აეკრძალოს მღვდელმოქმედება“.

2003 წლის 18 აგვისტოს წმინდა სინოდმა მღვდელ შიო ზედგენიძის შესახებ იმსჯელა და “სასულიერო პირის ყოვლადშეუფერებელი საქციელის გამო“ სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა. 

ამონარიდი 2003 წლის 18 აგვისტოს წმინდა სინოდის განჩიებიდან: “სამთავისისა და გორის ეპარქიის მღვდელი შიო ზედგინიძე, რომელმაც მიატოვა კანონიერი მეუღლე, შეირთო სხვა ქალი და შემდგომ თავი გამოაცხადა ეპისკოპოსად, სასულიერო პირის ყოვლად შეუფერებელი საქციელის გამო, სრულიად განიკვეთა სამღვდელო ხარისხიდან.

წმიდა სინოდმა განიხილა მღვდელმოქმედება აკრძალული ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) მიმართვა სინოდისადმი.

წმინდა სინოდმა 1995 წელის 15 სექტემბერს ეპისკოპოსს ქრისტეფორეს (წამალაიძე) ჩამოერთვა ეპარქია, შეუჩერა წმინდა სინოდის წევრობა და  მღვდელმოქმედება. აღნიშნული გადაწვეტილების მიზეზი წამალაძის ბიოგრაფიაში განმარტებული არ არის, განჩინება კი არ იძებნება.  საკითხი კვლავ იქნა გადასინჯული 2000 წლის 14 დეკემბერს და მას ამჯერადაც აეკრძალა მღვდელმოქმედება.

სინოდა სინოდმა 1984 წელს მიტროპოლიტ შიოს (ავალიშვილი) შეუჩერდა მღვდელმოქმედება და ჩამორთვა წმინდა სინოდის წევრობა. აღნიშნული გადაწვეტილების მიზეზი გახლდათ შიოს სკანდალური განცხადებები და წერილი, რომელშიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქსა და სინოდის წევრებს მამათმავლების ლობირებაში ადანაშაულებს.

სინოდის განჩინების თანახმად, ფსიქიკური ავადმყოფობის გამო 1978 წელს ეპისკოპოს ილარიონს (სამხარაძე)  ჩამოერთვა ეპარქია და წმინდა სინოდის წევრობა.

წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, მთავარეპისკოპოსი იოანე (ანანიაშვილი) 1983 წლის 15 დეკემბერს “სოდომგომორული ცოდვის გამო“ (განჩინება) ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან განთავისუფლდა და დარჩა ბერმონაზვნად.

სინოდის განჩინების თანახმად, მიტროპოლიტი ნიკოლოზ (მახარაძე) 1983  წელს ეკლესიიდან  განჩინების თანახმად, “სოდომ-გომორული ცოდვის გამო“ განიკვეთა.

1996 წელს ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ბასილ მკალავიშვილი მღვდელმსახურებიდან განკვეთა. იგი ხშირად აკრიტიკებდა საპატრიარქოს, იმის გამო, რომ რელიგიური სექტების წინააღმდეგ გადამჭრელ ზომებს არ იღებდა. მან ე.წ. სექტების წინააღმდეგ რადიკალური მეთოდებით ბრძოლა დაიწყო. 2001 წელს მკალავიშვილი მომხრეებთან ერთად თავს დაესხა თბილისში  გაზეთ “რეზონანსის” რედაქციას, რომელიც მკალავიშვილის ძალადობას აკრიტიკებდა. მკალავიშვილის მომხრეები სასტიკად გაუსწორდნენ “თავისუფლების ინსტიტუსაც". ორგანიზაციის რამოდენიმე წარმომადგენელი მკალავიშვილის მხარდამჭერებმა, მათ შორის, გიგა ბოკერია ცემეს. ბასილ მკალავიშვილი 2004 წელს დააკევს და გაასამართლეს. 

1998 წლის 8 ოქტომბრს წმინდა სინოდმა ამბროსი (ქათამაძეს) ბერობის ხარისხი ჩამოართვა  და  ერისკაცობამდე დაიყვანა. როგორც ირკვევა, “1991-1992 წლებში იგი აქტიურად უჭერდა მხარს ზვიად გამსახურდიას, 1992 წელს კი იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. 1994 წლის თებერვალში გროზნოში მან წესი აუგო საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. მეუფე ამბროსი 1992-2005 წლებში მოსკოვში იმყოფებოდა და აირჩიეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაპირისპირებულ „ისტინის მართლმადიდებელი ეკლესიის“ თავმჯდომარედ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტად. 1992 წლის 12 მაისს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა გაათავისუფლა ნიკორწმინდის ეპარქიის მმართველობიდან, ხოლო 1998 წლის 8 ოქტომბრიდან წმიდა სინოდის განჩინებით, ჩამორთმეული ჰქონდა ბერობის ხარისხი და დაყვანილია ერისკაცობამდე“,- ვკითხულობთ ბიოგრაფიაში.

1979 წელს სინოდის განჩინების თანახმად, მიტროპოლიტი გაიოზ (კერატიშვილი) ეკლესიიდან განიკვეთა და ერისკაცის რანგშია დაყვანილი, რადგან 1978 წელს მიტროპოლიტი გაიოზი საეკლესიო ქონების მითვისების ბრალდებით დააპატიმრეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე