კარასინის ორმხრივ მოლაპარაკებაში დაბრუნება, აბაშიძესთან მეგობრობას უკავშირდება - მამუკა არეშიძე
კარასინის ორმხრივ მოლაპარაკებაში დაბრუნება, აბაშიძესთან მეგობრობას უკავშირდება - მამუკა არეშიძე

A+ A-

12:08 04/11/2019

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გრიგორი კარასინის, აბაშიძე-კარასინის სახელით ცნობილ ორმხრივ მოლაპარაკებებში, კარასინის დატოვებას, აბაშიძესთან მეგობრობას უკავშირებს.

“განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. უბრალოდ, კარასინი ქართულ-რუსულ ურთიერთობაში გამოცდილი დიპლომატია. რუსეთის ხელისუფლებამ, ის ფაქტიც გაითვალისწინა, რომ კარასინსა და აბაშიძეს დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებთ“, - განაცხადა არეშიძემ “2020NEWS“-თან საუბარში.

მამუკა არეშიძის განცხადებით, ის კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკების ფორმატისგან განსაკუთრებულ არაფერს მოელის.

“კარასინი-აბაშიძის შეხვედრებიდან განსაკუთრებული არაფერია, რადგან ეს ფორმატი კონკრეტული ტექნიკური საკითხების მოგვარებას ემსახურება. ეს პოლიტიკურ სეგმებნტს არ წყვეტს. ამიტომ, მე აქედან დიდ გარღვევას არ ველი, მიუხედავად იმისა რომ ასეთი ფორმატიც საჭიროა“, - განაცხადა ექსპერტმა სააგენტოსთან საუბარში.

მისივე თქმით, კარასინი-აბაშიძის შეხვედრების ფორმატის პარალელულად, საჭიროა სხვა დონის პოლიტიკური კონსულტაციებიც.

“აუცილებლად უნდა დაიწყოს გარკვეული პოლიტიკური კონნსულტაციები. ამას ჩვენი დასავლელი მეგობრები მუდმივად გვკარნახობენ. აუცილებელი არ არის, პირველ ჯერზე შეხვედრები მაღალ დონეზე დაიწყოს. გარკვეული ტიპის პოლიტიკური კონსულტაციები სხვადასხვა დონეზე უნდა წარიმართოს. საქართველოს ოპოზიციას უნდა დასავლელი პარტნიორების ჩართვა. მაგრამ რუსეთი დღეს ისეთ მდგომარეობაში არ არის, ასეთი ტიპის ფორმატი მიიღოს. ამიტომ უნდა შევეცადოთ პირდაპირი ფორმატების შექმნაზე, ოღონდ რამდნიმე ფორმატი უნდა იყოს“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ “2020NEWS“-თან საუბარში.

შეგახსენებთ, გრიგორი კარასინი რუსეთსა და საქართველოს შორის აბაშიძე-კარასინის სახელით ცნობილ ორმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობას განაგრძობს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. „რუსეთის მთავრობის დავალებით, ბატონი კარასინი ამ ფორმატის მუშაობაში მონაწილეობას განაგრძობს. მორიგი, 23-ე შეხვედრა სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოსთვის იგეგმება“, - თქვა ზახაროვამ.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით კი, მოლაპარაკება შეეხება ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

ცნობისთვის, კარასინმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა 10 სექტემბერს დატოვა და სამუშაოდ რუსეთის ფედერაციის საბჭოში გადავიდა. ამის შემდეგ ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველოს და რუსეთს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები გაგრძელდება, თუმცა კარასინის შემცვლელის ვინაობა უცნობი რჩებოდა. აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი 2012 წლიდან მოქმედებს.