ოკუპირებულ ახალგორში ჭაში ჩავარდნის შედეგად დაშავებულ ქალს, თბილისში გადაყვანაზე უარს ეუბნებიან
ოკუპირებულ ახალგორში ჭაში ჩავარდნის შედეგად დაშავებულ ქალს, თბილისში გადაყვანაზე უარს ეუბნებიან

A+ A-

17:15 03/11/2019

ოკუპირებულ ახალგორში ქალი ჭაში ჩავარდნის შედეგად მძიმედ დაშავდა და თბილისის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ეუბნებიან, – ამის შესახებ ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მიუხედავად დაშავებულის ოჯახის მცდელობისა, რომ მრავლობითი მოტეხილობებით ქალი თბილისში გადმოეყვანათ, ის მაინც ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში მიჰყავთ.

„ოკუპირებული ახალგორიდან დამიკავშირდა ქალბატონი ნუნუ გიგაური, რომელმაც მაცნობა, რომ მისი და, თამარ გიგაური ჩავარდა ჭაში შვიდი  მეტრის სიღრმეზე, აქვს მრავლობითი მოტეხილიბები და მძიმე მდგომარეობაშია. მიიყვანეს ახალგორის საავადმყოფოში, სადაც უცბად მიიღეს გადაწყვეტილება მისი ოკუპირებული ცხინვალში გადაყვანის თაობაზე. იქ არ აქვთ არც რენტგენი, არც შესაბამისი სპეციალისტები ჰყავთ და წარმოუდგენელია, რა დახმარება უნდა აღმოუჩინონ. ოჯახის და ნათესავების თხოვნის მიუხედავად, რომ ის დაუყოვნებლივ თბილისში გადმოეყვანათ, უარი უთხრეს და წაიყვანეს. ახლა იმყოფება გზაში ცხინვალის მიმართულებით. იმავე წუთს საქმის კურსში ჩავაყენე ყველა, როგორც ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები, ასევე წითელი ჯვრის როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონული ოფისი. თუ მას ცხინვალში დატოვებენ და არ გადმოიყვანენ, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ შესაძლებელია ძალიან ცუდად დასრულდეს ეს”, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

​ფაქტთან დაკავშირებით საქმის კურსშია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მათი განცხადებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი აღნიშნული მოქალაქის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის მოთხოვნით.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, საქმეში ჩაერთო წითელი ჯვარიც და ინფორმირებულია ევროკავშირის მონიტორინგი მისია.

ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, რამდენიმე დღის წინ, სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაეწია საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ 70 წლის ქალს, რომელიც მოგვიანებით ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა.