მამათმავლებს რატომ დაეხმარეთ?! - მეუფე შიოს სკანდალური წერილი პატრიარქს
მამათმავლებს რატომ დაეხმარეთ?! - მეუფე შიოს სკანდალური წერილი პატრიარქს

A+ A-

15:15 03/11/2019

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და წმინდა სინოდს, მამათმავლების ლობირებაში კიდევ ერთი მთავარეპისკოპოსი ადანაშაულებდა. მთავარეპისკოპოსმა შიო ალავერდელმა დაახლოებით, 35 წლის წინ, სკანდალური წერილი გამოაქვეყნა, რომელიც ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ, სინოდიდან გარიცხეს.

“2020NEWS” გთავაზობს ბრალდებების დამადასტურებელ წერილს, რომელის ავტორი (შიო) სკანდალური განცხადებების შემდეგ, სინოდიდან გარიცხეს და მღვდელმოქმედება შეუჩერეს. აღნიშნული წერილი 1984 წლის 16 ივლისით არის დათარიღებული:

"მცხეთის სასულიერო სემინარია თქვენ (იგულისხმება ილია II) და პატრიარქმა ეფრემმა ჩამოაყალიბეთ და თქვენ ბრძანდებოდით ამ სემინარიის რექტორი 1973 წლამდე. თქვენთვის ამ სემინარიისა და იქიდან გამოსული სტუდენტების ავლადიდება ისეა ცნობილი, როგორც ნათელი დღისა. ისიც ცნობილია, რომ სემინარიის ყოფილი სტუდენტები ღენტორ მახარაძე, ცეზარ ანანიაშვილი და თამაზ კოჭლამაზაშვილი სემინარიაში მოსვლამდე მამათმავლობდნენ და რადგან „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია”, ისინი არც სემინარიაში ივიწყებდნენ თავიანთ “ჩვეულებას”.

ეს თქვენთვისაც არ იყო დაფარული. შემდგომ პერიოდში ცეზარ ანანიაშვილმა სამღვდელო ხარისხი მიიღო და ცხაკაიაში დაიწყო მოღვაწეობა, ხოლო ღენტორ მახარაძემ და თამაზ კოჭლამაზაშვილმა ვერსად მოიკიდეს ფეხი. თბილისის პირველი მაისის რაიპროკურატურის გამომძიებელ ბერიძეს აწ განსვენებული პატრიარქის, დავით მეხუთის პირადმა მდივანმა გიორგი ცქიფურიშვილმა აჩვენა, რომ დავით მეხუთემ მახარაძესა და კოჭლამაზაშვილს პირდაპირ განუცხადა:

“თქვენ სამღვდელო ხარისხში ვერ აგიყვანთ, რადგან მამათმავლები ხართო”. დიდხანს ელოდნენო სამღვდელო ხარისხს, მაგრამ არავინ ისურვა მათი კურთხევა მათივე ცუდი სახელის გამო. 1976 წელს კი ჩამოვიდა სოხუმიდან მიტროპოლოტი ილია და მან განაცხადაო თანხმობა მათ წაყვანაზე. და თქვენ, ბატონო ჩვენო, თქვენთვის დიდი ხნიდან ცნობილი ორი მამათმავალი ჩამოიყვანეთ სოხუმში და მღვდლებად აკურთხეთ. არ გასულა ერთი თვეც, რომ სოხუმის საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ მახარაძე და კოჭლამაზაშვილი მამათმავლობდნენ.

მე მახსოვს, როგორც თქვენი კანცელარიის იმდროინდელ თანამშრომელს, რომ ეს ყოველივე თქვენც იცოდით. კერძოდ, კოჭლამაზაშვილის ზნეობრივი დაცემა იმდენად თავშეუკავებელი იყო, რომ ბევრი აურზაური გამოიწვია სოხუმში, რის გამოც თქვენ იძულებული გახდით, ეკლესიის კანცელარიაში მიგეჩინათ მისთვის საცხოვრებელი ბინა. დრომ გაიარა, პატრიარქი დავით V მარადიულობას ჩაბარდა და თქვენ აგირჩიეს პატრიარქად. კოჭლამაზაშვილი სოხუმიდან თბილისის სიონში გადმოიყვანეთ, ხოლო მახარაძე და ანანიაშვილი ეპისკოპოსის ხარისხში აღამაღლეთ. ზოგიერთნი - და მათ შორის მეც - ფიქრობდნენ, რომ თქვენ მიეცით მამათმავლებს სასტიკი გაფრთხილება და ისინიც იძულებულნი გახდებოდნენ, შეეწყვიტათ ბიწიერება.

მომავალმა თვეებმა და წლებმა დაგვანახა, რომ ისინი კიდევ მეტი თავხედობით მიეცნენ ბიწიერებას და გრძნობდნენ რა თქვენს აშკარა მფარველობას, პირდაპირ ზეიმობდნენ თავიანთი ბიწიერებით. მას შემდეგ, რაც ხუთმა მღვდელმთავარმა მოითხოვა მათი საკითხის სინოდის სხდომაზე განხილვა, თქვენ მამათმავლებს მიეცით ჩვენი საწინააღმდეგო პროვოკაციების მოწყობის საშუალება და პირადად თქვენც, თქვენი ძმის, ვიქტორ შიოლაშვილისა და სხვა პროვოკატორების დახმარებით, დაგვიწყეთ მთელი სიძულვილითა და შურისძიებით დევნა, რომელიც გრძელდება დღემდე. ხუთი მღვდელმთავრის მიერ თხოვნის შემოტანის შემდეგ თქვენ პირადი ავტორიტეტის გაწირვის ფასად შეეცადეთ დაგეხსნათ მამათმავლები.

რაში გჭირდებოდათ ეს? თხოვნაზე ხელისმომწერი ხუთი მღვდელმთავრიდან სამი - მიტროპოლიტი გრიგოლ ცერცვაძე, მთავარეპისკოპოსი ათანასე ჩახვაშვილი და ეპისკოპოსი ქრისტეფორე წამალაიძე - თქვენი უხეში ძალდატანებით აიძულეთ უკან დაეხიათ. მაგრამ 1983 წლის 3 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე მათ მაინც დაუჭირეს მხარი მამათმავლების ეკლესიიდან გაძევებას. ასეთია სიმართლის ძალა… როგორც მოგეხსენებათ, ამ სამარცხვინო ამბების შესახებ ძალიან ვრცელი ისტორიაა შექმნილი და ამ ისტორიას მე აქ არ გავიმეორებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ თამაზ კოჭლამაზაშვილის მიერ ეკლესიაში მოგვიანებით შემოყვანილი მამათმავალი ანანია ჯაფარიძე თქვენ გასაოცარი აჩქარებით აღამაღლეთ ეპისკოპოსის ხარისხში მაშინ, როდესაც საქართველოს ეკლესიაში იყვნენ ხირატონიით, ცოდნითა და ყველა სხვა მონაცემებით უპირატესი და მაღლა მდგომი ადამიანები. რატომ გააკეთეთ ეს? 1979 წლის 26 ოქტომბერს თქვენმა ქორეპისკოპოსმა ქრისტეფორე წამალაიძემ თქვენ წარმოგიდგინათ დეკანოზ ამირან შენგელიასა და მესანთლე ანთიძის მიერ ხელმოწერილი საბუთი (ამ საბუთის დედანი ამჟამად ჩემთან იმყოფება) იმის შესახებ, რომ მღვდელი კოლოსოვსკი აშკარად მამათმავლობდა და გთხოვათ განგეკვეთათ იგი სამღვდელო ხარისხიდან. თქვენ, როგორც ცნობილია, ვინც თქვენი მონა არაა, ისე უყურებთ, როგორც მეცხვარის ძაღლს და თქვენი ქორეპისკოპოსიც მოხევის ძაღლივით გამოაძევეთ თქვენი კაბინეტიდან, ხოლო მღვდელ კოლოსოვსკის ლოცვა-კურთხევა მიეცით გაეგრძელებინა თავისი მოღვაწეობა. როგორ შეკადრეთ ცისქვეშეთს ასეთი რამ?“, - წერია ვრცელ წერილში.

ვინ არის მიტროპოლიტი შიო?! - ერისკაცობაში ვარლამ აპოლონის ძე ავალიშვილი, დაიბადა 1909 წლის 17 სექტემბერს შორაპნის მაზრის სოფელ ხორითში. 1917-1923 წლებში სწავლობდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშის სკოლაში, 1924-1925 წლებში ზესტაფონის საშუალო სკოლაში, 1925-1928 წლებში თბილისის მე-9 საშუალო სკოლაში. 1929 წელს იგი პოლიტიკური ბრალდებით დააპატიმრეს და გადაასახლეს საქართველოდან. დაბრუნდა 1932 წელს და 1936 წლამდე მუშაობდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნევის კოოპერატივის ბუღალტრად. 1975-1977 წლებში იყო მორჩილი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში.

1978 წლის 23 აპრილს აღიკვეცა ბერად, 27 აპრილს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, 22 ივლისს მღვდელმონაზონად, 28 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა მაწყვერელ-ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად. იმავდროულად, დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1978 წლის 14 დეკემბერს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და გადაყვანილ იქნა ქუთათელ-გაენათელად. 1981 წლის 9 სექტემბერს კი, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ბრძანებით, მიტროპოლიტი შიო გადაყვანილ იქნა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად. 1986 წლის 24 ივნისს წმიდა სინოდმა მიტროპოლიტ შიოს ჩამოართვა ეპარქია და გაუშვა პენსიაზე. მიტროპოლიტი შიო გარდაიცვალა 1991 წლის 25 მარტს. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე