ბათუმის “დინამო“ საჩხერის “ჩიხურასთან“ დამარცხებაში მსაჯს ადანაშაულებს
ბათუმის “დინამო“ საჩხერის “ჩიხურასთან“ დამარცხებაში მსაჯს ადანაშაულებს

A+ A-

15:13 02/11/2019
ბათუმის „დინამო“ საჩხერის „ჩიხურასთან“ მარცხის მიზეზად მსაჯის გიორგი კიკაჩეიშვილის „მიზანმიმართულ ქმედებებს“ ასახელებს. კლუბის მფლობელის აჩიკო ბერიძის განცხადებით, კიკაჩეიშვილმა ცუდად იმსაჯა და ბევრ შეცდომასთან ერთად „დინამოს“ სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა, მატჩის შემდეგ კი გულშემატკივრებს შეურაცხყოფა მიაყენა.
 
აჩიკო ბერიძის თქმით, მსაჯი იყო დაინტერესებული მხარე. ბათუმის „დინამოს“ მფლობელი არ გამორიცხავს, რომ კიკაჩეიშვილის ასეთი ქმედების უკან კონკურენტი კლუბი იდგეს, თუმცა რომელი - არ აკონკრეტებს.
 
ბერიძე ფაქტის შესწავლას ითხოვს. ბერიძემ „დინამოდან“ წასვლაზე კლუბის Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებას მასსა და გვერდის ადმინისტრატორს შორის გაუგებრობა უწოდა და განაცხადა, რომ კლუბში რჩება.
 
ეროვნული ლიგის 33-ე ტურში ბათუმის „დინამო“ სტუმრად „ჩიხურასთან“ 0:2 დამარცხდა. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ბათუმური კლუბი სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება და თბილისის „დინამოს“ ერთი, „საბურთალოს“ კი 3 ქულით უსწრებს, თუმცა ორივე თბილისურ კლუბს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.