მეუფე იაკობი სოსო გოგაშვილის შვილის ნათლიაა
მეუფე იაკობი სოსო გოგაშვილის შვილის ნათლიაა

A+ A-

12:38 31/10/2019

"სკანდალური მეუფე“, ბოდბის მიტროპოლიტი იაკობი სახელმწიფო უსართხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილის ნათლიაა.

"2020NEWS“-თვის ცნობილი გახდა, რომ პარტიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის მრავალწლიანი მეგობრობა ნათელ-მირონობით გამყარდა. აღსანიშნავია, რომ სოსო გოგაშვილიც და მეუფე იაკობიც დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანიდან არიან.

მეუფე იაკობის იერარქიული წინსვლა "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას უკავშირდება. სუსის გავლენიანი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ძალოვანი სტრუქტურიდან წასვლა, მეუფე იაკობის მიერ სკანდალური განცხადებების გაკეთებას დროში საეჭვოდ დაემთხვა. როგორც ჩანს, სოსო გოგაშვილის ხელისუფლებიდან გაშვებამ, ეკლესიასი მეუფე იაკობის გავლენები შეამცირა და მომავალი პატრიარქობის შანსი საბოლოოდ დაუკარგა.

მეუფე იაკობი, ერისკაცობაში იაკობ იაკობაშვილი ჭყონდიდის ეპისკოპოსის, მეუფე პეტრეს ხელდასმული მეუფეა. როგორც საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმირებული პირები აცხადებენ, თავის დროზე მეუფე პეტრე და მეუფე იაკობი უახლოესი მეგობრები იყვნენ და იაკობის ეპისკოპოსობაც სწორედ მეუფე პეტრეს დამსახურებაა.

ბოდბელი მეუფე აქტიურად ფიგურირებს "ციანიდის საქმეში“. იმ პერიოდში მეუფე იაკობი პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს, სოსო ოხანაშვილსაც დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, მათ შორის ცემა-ტყეპაც გაიმართა. ეს ინციდენტი თავად მეუფემ საინფორმაციო საშუალებებთან საუბარში დაადასტურა: და განაცხადა:“კარგად მიიბერტყა ერთი ადამიანიო“. ამ ერთ ადამიანში, ცხადია, დეპუტატ ოხანაშვილს გულისხმობდა.

მეუფე იაკობის წარსულზე, რამდენიმე წლის წინ, სოციალურ ქსელში ბერმონაზონი ილია ვაშაკიძეც წერდა. აი რას ამბობდა მამა ილია, მეუფე იაკობზე: “ ქორეპისკოპოსმა იაკობმა ეკლესია პოლიტიკური ნიშნებით შუაზე გაყო, საერთო ძალებით აღვკვეთოთ ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილის პოლიტიკური თარეში ამბიონზე, გამომდინარე იქედან, რომ იგი დიამეტრალურად ეწინააღმდეგება წმიდა სინოდის განჩინებებს, რაც საეკლესიო კანონიკით დასჯადია და აღვივებს შუღლს ხალხთა შორის, რაც სისხლის სამართლებრივადაა დასჯადი, ენატრება რა საბჭოთა კავშირის რეჟიმი და ძველბიჭური გარჩევები, რასაც თავადვე ადასტურებს ამბიონიდან. მოგიწოდებთ, ზემოთხსენებულ ქორეპისკოპოსს არ მიმართოთ არანაირ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია აღსარების საიდუმლოსთნ და მოვითხოვოთ გამოაშკარავდეს მისი ბიოგრაფიის 10 წელიწადი. ეს მოთხოვნა თანხვედრაშია მოციქულების მიერ დადგენილ კანონთან. განსაკუთრებით კი სამხედრო პროკურატურის მიერ გამოძიებულ იქნას კონსტანტინე და კახაბერ იაკობიშვილების (კონსტანტინე მეუფე იაკობია, კახაბერი კი მისი ძმა) 1992 წლის ივლისისა და აგვისტოს დისლოკაციისა და მათი დანაშაულებრივი ქმედებების დეტალური ცნობები. მათი სახელები შავი ასოებითაა ჩასაწერი საქართველოს ისტორიაში...“, - წერდა ბერმონაზონი ილია ვაშაკიძე.

ასევე აღსანიშნავია, მეუფე იაკობის გააქტიურება საპრეზიდენტო არჩევნების წინაც. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მან პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს "კანაფის დედოფალი" უწოდა.

ცნობისთვის, იაკობ იაკობიშვილი ბერად 2003 წელს აღიკვეცა და ამის შემდეგ იწყება მისი საეკლესიო იერარქიული წინსვლა. იგი რამდენიმე თვის წინ პატრიარქმა საკუთარ ქორეპისკოპოსად აკურთხა. ქორეპისკოპოსობიდან მეუფე იაკობი რამდენიმე დღის წინ გადადგა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, პატრიარქის ყოფილმა ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. მისივე განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს ხელშეუხებლობისთვის 15 მილიონ დოლარს სთხოვდნენ. აღნიშნული განცხადებების შემდეგ, მეუფე იაკობმა ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა.