"სომეხთა გენოციდის აღიარების შემდეგ, თურქეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც შეიძლება დადგეს დღის წესრიგში"
"სომეხთა გენოციდის აღიარების შემდეგ, თურქეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც შეიძლება დადგეს დღის წესრიგში"

A+ A-

13:23 30/10/2019

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ 1915 წელს თურქეთის მხრიდან სომხეთის გენოციდი აღიარა. რას ნიშნავს შეერთებული შტატების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, რა გზავნილია ის მსოფლიოსათვის და რა პოზიცია უნდა ჰქონდეს ოფიციალურ თბილისს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით “2020NEWS” აღმოსავლეთმცოდნეს, “შენების მოძრაობის“ წევრს, დავით კობერიძეს ესაუბრა.

- ბატონო დავით, აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ სომხეთის გენოციდი აღიარა. რას ნიშნავს შტატების მიერ გადადმული ეს ნაბიჯი და რა გზავნილია, როგორც თურქეთისთვის, ისე დანარჩენი მსოფლიოსათვის ?

- შტატების წარმომადგენლობითი პალატის მიერ სომხების გენოციდის თემას, რომელიც გასული საუკუნეში განიცადა სომეხმა ერმა, ძალიან მტკივნეულად აღიქვამს თურქეთის რესპუბლიკა.შტატების მხრიდან გენოციდის აღიარებას უკვე მოჰყვა მძაფრი და გასაგები რეაქცია თურქეთის ხელისუფლების მხრიდან. ეს არ არის უბრალო საკითხი თურქეთისათვის.

სომხების გენოციდის აღიარებას შესაძლოა, შორს მიმავალი გეგმები ჰქონდეს. თურქები სწორედ ასე განიხილავენ ამ თემას, რადგან გენოციდის აღიარების შემდეგ დღის წესრიგში შეიძლება, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დადგეს, როგორიც არის ქვეყნის ტერიტორიის და სუვერენიტეტის საკითხი. ამიტომაც შტატების ამ ნაბიჯს შორს მიმავალ შედეგებამდე შეიძლება მიჰყავდეს თურქეთის რესპუბლიკა. სომხების გენოციდის საკითხი არ არის ისეთი ნაბიჯი, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საჯარისო დანაყოფების დროებითი გაყვანა სირიის ტერიტორიიდან და შემდგომ ისევ შემოყვანა, თუმცა, თურქეთის ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ აღიარებას უკან არავინ წაიღებს.

- როგორ ფიქრობთ, აღნიშნული აღიარების პირობებში საქართველომ უნდა დააფიქსიროს თუ არა საკუთარი პოზიცია?

- სომხების გენოციდის აღიარების შემთხვევაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთოდ უნდა შეიკავოს თავი რაიმე სახის პოზიციის დაფიქსირებისგან, რადგან ეს იქნება ერთადერთი სწორი პოზიცია.
საქართველოს არც აქამდე უღიარებია სომხების გენოციდი და ამ საკითხზე ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება, ან სხვა სახის აქტიურობა, არაა სასურველი. დუმილი სიბრძნის ნიშანია.

ავტორი: ანა ქორჩილავა