რატომ მიდიოდა ზურაბ ჟვანია ემიგრაციაში და რა აკავშირებდათ ერთმანეთთან ასლან აბაშიძეს, მიხეილ სააკაშვილს და შალვა ნათელაშვილს?
რატომ მიდიოდა ზურაბ ჟვანია ემიგრაციაში და რა აკავშირებდათ ერთმანეთთან ასლან აბაშიძეს, მიხეილ სააკაშვილს და შალვა ნათელაშვილს?

A+ A-

13:04 29/10/2019

“2020NEWS” "რუსთავი 2“-ის დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის გამოქვეყნებას აგრძელებს.

გაგრძელება:

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა ზურაბ ჟვანია, რის შემდეგაც კახა თარგამაძე - შინაგან საქმეთა მინისტრი და  უშიშროების მინისტრი - ვახტანგ ქუთათელაძე პოსტებიდან წავიდნენ.

აღმოჩნდა, რომ ამ ამბების შედეგად ბადრის დაჯგუფებამ ყველაფერი წააგო. სანაიას მკვლელობის გამო, ტელევიზია ვერ შეიძინეს და მისმა მარჯვენა ხელმა - კახა თარგამაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დაკარგა. მოიგო ნუგზარ საჯაიამ, რომელიც თანამდებობაზე დარჩა, ძალოვანი უწყებები მისმა კანდიდატებმა ჩაიბარეს - შინაგან საქმეთა მინისტრად კობა ნარჩემაშვილი დაინიშა, უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურზანია, სამათვრობო დაცვის სამსახურის უფროსი - სულხან პაპაშვილი.

თარგამაძის გადადგომიდან ერთი თვის შემდეგ, ნუგზარ საჯაია საკუთარ კაბინეტში მკვდარი იპოვნეს. საჯაიას სიკვდილი, ისევე როგორც გიორგი სანაიას მკვლელობა და მოგვიანებით, ასევე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება, რაღაც ჰომოსექსუალური ისტორიებით შეფუთეს.

მე ბევრისგან გამიგია, რომ საჯაიას თავი არ მოუკლავს, ის მისსავე კაბინეტში მოკლეს. ჩემი ვარაუდით, სანაიას მკვლელობის შემდეგ კლანებს შორის ურთიერთობა მაქსიმალურ კონფრონტაციაში გადაიზარდა და ბრძოლის ეს ეტაპი სტატუს ქვოს აღდგენით, ანუ საჯაიას სიკვდილით დასრულდა.

სანაიას მკვლელი ნარჩემაშვილის მინისტრობისას დააპატიმრეს. იგი ლევან გაჩეჩილაძის ყოფილი მძღოლი თუ დაცვის წევრი - გრიგოლ ხურცილავა აღმოჩნდა. მისი მტკიცებით, მან სექსუალური ძალადობისგან თავდასაცავად,  შემთხვევით მოკლა სანაია, რაც ჩემთვის ძნელად დასაჯერებელია. თუმცა, ამ რამდენიმე ხნის წინ, ვიღაც ქართველმა ანალოგიურ გარემოებაში ცნობილი ბერძენი ჰომოსექსუალი მომღერალი მოკლა. ამიტომ, სანაიას თაობაზე გადაჭრით რაიმის თქმა, ძალიან მეძნელება და მხოლოდ მსჯელობით ვიფარგლები.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ჩავთვალე რომ ჩემი მეგობრები მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში, შევეცადე სანაიას მკვლელობის საქმეზე მეტი ინფორმაცია მიმეღო. მაშინ გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი იყო და მას ვთხოვე, იქნებ ხელახლა გამოეძიებინა ეს მკვლელობა, თუმცა ვერაფერს გავხდი. მან ჩათვალა, რომ თემა აქტუალური აღარ იყო.  “ეგ საქმე შევისწავლე და გამოსაძიებელი აღარაფერიაო”, - მიპასუხა.

2002 წლის გაზაფხულზე ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში შალვა ნათელაშვილმა გაიმარჯვა. მეორე ადგილზე მიშა სააკაშვილი გავიდა, რომელიც იმ პერიოდში “რუსთავი 2”-ის და “60 წუთის” აქტივობით სარგებლობდა და კორუფციასთან მებრძოლის იმიჯით ქულებს იწერდა. ამ ძალების გამარჯვება ყველასთვის ძალიან მოულოდნელი იყო. უბრალოდ წინა წლის პოლიტიკურმა რყევებმა ყველას არაქათი გამოაცალა და ასპარეზი პოპულისტებს დარჩათ. ამ მხრივ სააკაშვილს ნათელაშვილი აღემატებოდა. მან არჩევნები მოიგო და ჩემი აზრით, კატასტროფული შეცდომა დაუშვა: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი სააკაშვილს დაუთმო, რომელმაც თავის მხრივ, ეს პოსტი არ იუკადრისა და მიიღო უშესანიშნავესი სასტარტო მოედანი პიარის საკეთებლად და თან ბიუჯეტის კონტროლის საშუალება.

ზურა ჟვანიამ არჩევნები სასტიკად წააგო. იგი პირველად გამოვიდა არჩევნებში დამოუკიდებლად და მარცხი განიცადა. მას ემტერებოდა ოპოზიციაც და სხვადასხვა სახელისუფლებო გუნდიც. ჩანდა, რომ ჟვანიას პოლიტიკური კარიერა თავქვე დაეშვა და მას დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდა, რომ პოლიტიკური სცენის მიღმა არ აღმოჩენილიყო.

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებმა ახალი რეალობა წარმოქმნა.  ბადრი მოვლენების სათავისოდ წარმართვას ესწრაფოდა და აქტიურად ხვდებოდა პოლიტიკური და სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლებს, რაღაც მოლაპარაკებებს მართავდა. ამ პერიოდში რიტუალების სასახლეში გაქანებული სარემონტო სამუშაოები გააჩაღა, რაღაც ინფრასტრუქტურებს აწყობდა, ყველა მხრივ დღითიდღე ძლიერდებოდა.

2002 წლის ივლისის დასაწყისში მისმა უახლოესმა თანაგუნდელმა ვანო ჩხარტიშვილმა დამირეკა. ამ დროს ის უკვე მთლიანად  პატარკაციშვილის პროექტებით იყო დაკავებული და სახელმწიფო თანამდებობა აღარ ჰქონდა.

  • შევხვდეთ, ეროსი?”- მეკითხება.
  • შევხვდეთ, რა პრობლემაა.

 მაშინ უკვე დაცვით მიწევდა სიარული. შუადღე იყო. ავედი ყოფილი “ექსიმბანკის”, იმხანად კი მისი “გაერთიანებული ქართული ბანკის” შენობაში, გრიბოედოვის ძეგლთან. პირველად ვიყავი მის კაბინეტში, სადაც ვანო ტელევიზორებთან მოკალათებული დამხვდა.

 - რაო, ვანო, - ვეკითხები. რა გაქვს ახალი, საინტერესო, რით გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობა? ისე, მე მგონია, არავითარი აზრი არა აქვს ამ ურთიერთობას. 

- არა, არა, როგორ არა! მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მეგობარი და შენ უნდა შეხვდეთ, მას შენთვის რაღაც წინადადებები აქვს.

 ბუნებრივია ბადრის გულისხმობდა.

- ვანო, ერთხელ ხომ უკვე ვილაპარაკეთ და არ გამოვიდა ეგ საქმე და შენ კი იცი, რომ მოლაპარაკება ჩემი მიზეზით არ ჩაშლილა. ეჭვი მეპარება, რომ ამ საუბარს ახლაც რამე დიდი პერსპექტივა ჰქონდეს.

- არა, არა, მე მგონია, რომ უნდა შეხვდეთ, უნდა დაილაპარაკოთ.

- რა უნდა, რაზეა საუბარი? - ვეკითხები.

- რა ვიცი, ახალი წინადადება აქვს, ახალი წინადადება ახალ რეალობაში. ადრინდელი შეცდომები ყველა გათვალისწინებულია.

მე ვიწყებ გახსენებას, თუ რა ტიპის შეცდომები დაუშვეს. ვეუბნები, რომ უკაცრავად, მაგრამ ყველაფერი, რაც მოხდა, მისმა ძმაკაცებმა გაააკეთეს - კახას ვგულისხმობ, თარგამაძეს. თუმცა უკვე ცნობისმოყვარეობა გამიჩნდა. თან 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები ახლოვდებოდა და ძალიან მაინტერესებდა, როგორ ლაგდებოდა ახალი რეალობა. მით უმეტეს, შევარდნაძესთან კონფრონტაციული რეჟიმი იქმნებოდა. კონტაქტის არც ერთი მცდელობა არ უნდა დამეტოვებინა უყურადღებოდ. მით უმეტეს, პატარკაციშვილის მხრიდან. ის უკვე საბოლოოდ დაფუძნდა საქართველოში და მის კავშირებზე და მის მოძრაობებზე, მის ირგვლივ ხალხის გაერთიანებებზე უამრავი ჭორი დადიოდა. თავისთავად საინტერესო იქნებოდა მასთან შეხვედრა და შევთანხმდით, რომ ბადრის შევხვდებოდი. 

ჩხარტიშვილთან შეხვედრას ამხელა ყურადღებას არ დავუთმობდი, რომ მასთან და ბადრისთან ურთიერთობას “ვარდების რევოლუციამდე” არ მივეყვანე. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს რევოლუცია არავითარ ამერიკელებს და სოროსს არ მოუწყვია. ეს არის ლეგენდა, რომელიც ინფორმაციის ნაკლებობის გამო, საზოგადოების რაღაც ნაწილმა აიტაცა და დღემდე ჰგონიათ, რომ აი, სოროსი და ბრაიზა, თუ მაილსი რომ არ ყოფილიყვნენ საქართველოში არაფერი მოხდებოდა. ისიც ზღაპარია, რომ შევარდნაძემ სააკაშვილს ძალაუფლება ნებით გადააბარა, თუმცა მოვლენებს წინ არ გავუსწრებ და თხრობას ისევ ბადრისთან შეხვედრით განვაგრძობ.

ივლისის ბოლოს ბადრის პირადი ვერტმფრენით მე და ჩხარტიშვილი მასთან ურეკში ჩავფრინდით. ვერტმფრენი მინდორში დაეშვა, სადაც ჯიპებით,  ავტომატებით შეიარაღებული ხალხი დაგვხვდა. მათ ავტომანქანაში გადაგვსხეს და შეიარაღებული ესკორტის თანხლებით ბადრის სახლისკენ გაგვაქანეს.

ბადრიმ ვანო ჩხარტიშვილის ბიძაშვილისგან ზღვის პირას ხუთსართულიანი სახლი შეიძინა. პლიაჟი დაცვას გადაეკეტა, რომ სახლის პატრონი არავის შეეწუხებინა. აქაც სარემონტო სამუშაოებს ატარებდნენ. სახლის კედელზე ბარომეტრი ეკიდა, ეზოში თევზების და ცხოველების ფიტულები ელაგა, სახლში დიდი აკვარეუმი და საზღვაო კვანძებიანი დაფა ეკიდა. სიღრმეში დიდი საჩრდილობლებიანი  მოსასვენებელი ადგილი ჰქონდა მოწყობილი, პლაჟი კარგად დასუფთავებული ჰქონდათ და ზღვის ნაპირზე სკუტერები იდგა. ოცამდე მზარეული ფუსფუსებდა და ტრაპეზს ამზადებდა. მოკლედ მთელი დღით ბადრის სტუმარი უნდა ვყოფილიყავი.

სანამ საქმეზე დავილაპარაკებდეთ, ბადრი თავის ცნობილ რიტუალს ასრულებდა - აი, ბერეზოვსკი რეკავს, - მეუბნება და მასთან მასლაათობს, მერე სხვა ცნობილ რუსებთან გააბა საუბარი.

გავიცანი ბადრის მეუღლე და სახტად დავრჩი: ძალიან სიმპათიური, წყნარი, განათლებული ქალის შთაბეჭდილება დამრჩა და სულ არ მოველოდი, რომ ბადრის ასეთი მეუღლე ეყოლებოდა. საღამოს სუფრა ჩრდილში გაიშალა, ათასნაირი კერძი და სასმელი დაახვავეს, მოკლედ სრულ სამოთხეში აღმოვჩნდი.

- მე და შენ საქართველოს უნდა მივხედოთ, - მეუბნება ბადრი. ხომ ხედავ ქვეყანა საითაც მიდის, ეკონომიკა დასუსტებულია, მე ვიცი ის როგორ გამოვაჯანსაღო. უამრავი მეგობარი მყავს, რომლებიც ჩვენთან ფულს დააბანდებენ. აი ახლა ფრანგებთან მოლაპარაკება მაქვს, რომ ურეკში გოლფის მოედნები გავაკეთოთ და ურეკიდან ქობულეთამდე სანაპირო ზოლის მოწყობის საინვესტიციო პროექტი გავაკეთე: ფიჭვნარში  დახურულ სარეზიდენციო ზონას ავაშენებთ, სადაც საშუალო ზომის სახლებს ჩავდგამთ, თავისი გამოყოფილი პლაჟით და გოლფის მოედნებით.”

შემდეგ განაგრძო, რომ ქობულეთში ტურისტულ ინფრასტრუქტურას სერიოზულად განავითარებდა. ამავე პერიოდში ბადრიმ ე.წ ”იმედის” ქალაქის პრეზენტაცია მოაწყო, რომელსაც თავიდანვე სკეპტიკურად ვუყურებდი. საბოლოო ჯამში რაც მან ამ იმედის ქალაქში გააკეთა, ძველი ბაზარი დაანგრია და მის ადგილზე შადრევანი ჩადგა. შადრევნების თემა მერე სააკაშვილმა აიტაცა და იმდენი შადრევანი დადგა, ხალხმა  შადრევან პირველი შეარქვა.

ბადრის ურეკში დასახლებამ ეს ადგილი ძალიან გააძვირა. ყველაფრის ფასმა მოიმატა. ბადრი ამას იყიდის, ის მიწის ნაკვეთი მოსწონებია,  - გურულებში ასეთი ტიპის საუბრები პოპულარული გახდა და რახან ბადრის უნდა ეყიდა, ყველაფერს აძვირებდნენ.

  • შენ გაქვს ტელევიზია, მე მაქვს ფული და პოლიტიკური გამოცდილება. ჩვენ შეგვიძლია ქვეყნის სასიკეთოდ ეს ყველაფერი ერთმანეთს შევუხამოთ და ერთი დიდი და კომფორტული პროექტი შევიმუშავოთ, - აგრძელებს ბადრი საუბარს.
  • ბადრი მე არაფერი პოლიტიკური ამბიცია არ გამაჩნია, თუმცა პირდაპირ პასუხი რომ არ გითხრა, დავფიქრდები, პარტნიორებს მოვეთათბირები და რასაც გადავწყვეტთ შეგატყობინებ, დალაპარაკებას წინ არაფერი უდგას, - ვეუბნები მე.

კვლავ პოლიტიკურ ორომტრიალში ვეხვეოდი, თუმცა სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. ტელევიზიას ვერ გავაჩერებდი, ასე უფრო დაუცველები აღმოვჩნდებოდით. ვმუშაობდით და ყველას თვალში ვეჩხირებოდით, შევარდნაძიდან დაწყებული, ფინანსურ საკითხებამდე, ყველაფერი პრობლემა გაგვიხდა. ცალკე ჟურნალისტებს ავიწროებდნენ და ეს ცალკე თავის ტკივილად გვექცა.

თბილისში ჩამოსვლისთანავე პარტნიორს დათო დვალს შევხვდი და ვიმსჯელეთ - რა გვეღონა. ბადრის არ სურდა თავად ემართა ქვეყანა, მას სურდა, რომ ჩრდილში დარჩენილიყო და სიტუაცია ჩვენთან ერთად ეკონტროლებინა.

  • ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ამიტომ მოდი ირაციონალური გზით წავიდეთ. ბადრის შევთავაზოთ, რომ შევთანხმდეთ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატზე და ჩვენ სატელევიზიო რესურსით, ხოლო მან ფინანსებით უზრუნველყოთ მისი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, - თქვა დათომ.

საპრეზიდენტო კანდიდატად სულ ორ ადამიანს განვიხილავდით - მიხეილ სააკაშვილს და ზურაბ ჟვანიას. სააკაშვილი თითქმის კამათის გარეშე გამოვრიცხეთ, ვინაიდან ორივეს მიგვაჩნდა, რომ აბსოლუტურად განუჭვრეტადი, პიარზე ორიენტირებული პოპულისტი კაცი იყო და მისი პრეზიდენტად გახდომა ქვეყანისთვის საფრთხილო იყო. ჩვენი აზრით, მასთან ერთად რაიმე სერიოზული პროექტის რეალიზება შეუძლებელი იყო და სერიოზულად დავფიქრდით _ ზურაბ ჟვანიას კანდიდატურაზე.

ზურა ჩვენი თაობის პოლიტიკოსი იყო, ჩვენ საერთო პრინციპები და ხედვები გვქონდა. მას არ ჰქონდა პოლიტიკაში ისეთი სენტიმენტები, როგორიცაა მეგობრობა, ნათესაობა. მას საოცარი ცინიზმით შეეძლო უარი ეთქვა ბევრ კომპრომისზე.

გადავწყვიტეთ ბადრისთვის შეგვეთავაზებინა, რომ ზურას ერთობლივი ძალებით მივხმარებოდით და დასაწყისისთვის საპარლამენტო არჩევნები მოეგო, ხოლო შემდეგ ამ სასტარტო პოზიციიდან 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაგვემარჯვა.

ჟვანიას მხარდაჭერის სანაცვლოდ, ბადრი მინიმალურ ფასად ტელევიზიას მიიღებდა. გასაყიდ ფასს 2002 წელსვე დავაფიქსირებდით და 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ჟვანია პრეზიდენტი გახდებოდა ჩვენ ტელებიზნესს დავტოვებდით და “რუსთავი 2”-ის მართვასაც ბადრის გადავაბარებდით.

ჩვენ მივიღებდით ახალი საქმის დასაწყებად საჭირო თანხას და ჩვენი მეგობარი გახდებოდა ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც წინამორბედისგან განსხვავებით, ბიზნესის საწარმოებლად ხელს აღარ შეგვიშლიდა. 1999 წელს ჩვენ წარმატებულად დავიწყეთ საკომუნიკაციო ბიზნესი, ჯორჯიან ონლაინი “რუსთავი 2”-ის მაშველი ქამარი გახდა, საიდანაც სატელევიზიო ხარჯების დეფიციტს ვავსებდით.

ჩვენ წინადადება შევიმუშავეთ და ახლა ჟვანია უნდა დაგვეყოლიებინა პროექტში მონაწილეობაზე. ზურა ამ პერიოდში ძალიან დაგვიმეგობრდა, მან  პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი პროტესტის ნიშნად “რუსთავი 2”-ში უშიშროების სამინისტროს თანამშრომლების შემოვარდნის გამოა დატოვა.

სიმართლე გითხრათ ჩემთვის მისი ეს ნაბიჯი გაუგებარი იყო, ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარეს დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად მეტი საშუალება ექნებოდა, თუმცა ზურა ამბობდა, რომ პოსტიდან რომ არ გადამდგარიყო, შევარდნაძე და თარგამაძე პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს ძალის გამოყენებით დაშლიდნენ და შესაძლოა, სისხლიც დაღვრილიყო.

ფაქტობრივად, ზურას მის დაუზინებელ მტრებთან გარიგებას ვთავაზობდი. ბადრის გუნდში იყვნენ კახა თარგამაძე, ვანო ჩხარტიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, დათო გამყრელიძე და მით უმეტეს ვაჟა ლორთქიფანიძე. ჩვენ გარანტიას ვაძლევდით, რომ თუ ამ ძალასთან დამეგობრდებოდა მას ბადრი დააფინანსებდა, ჩვენ სატელევიზიო რესურსს მოვახმარდით და შევარდნაძის შემდეგ პრეზიდენტი გახდებოდა არა რომელიმე მარგინალი პოლიტიკოსი, არამედ ლიბერალური ღირებულებების მატარებელი ზურა ჟვანია.

შევარდნაძის დამხობა აზრად არ მოგვსლია, სათავეში მოსვლას არჩევნების გზით ვგეგმავდით. მარგინალი პოლიტიკოსები ასლან აბაშიძე, შალვა ნათელაშვილი და მიხეილ სააკაშვილი იყვნენ, კონკურენტებად მათ განვიხილავდით.

ჟვანიას საბურთალოზე მის სახლში შევხვდი. ზურა ოჯახთან ერთად გერმანიაში იენის უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად მიემგზავრებოდა.

ზურა ფაქტობრივად, პოლიტიკურ ემიგრაციაში მიდიოდა, ბოლო არჩევნები წააგო, პარტიის დაფინასებისთვის კაპიკი აღარ ჰქონდა და პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტდა.

  • ზურა, ბოლო წლების განმავლობაში შენში დიდი ცოდნა, გამოცდილება და პოლიტიკური ინვესტიციაა ჩადებული და ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ერთ-ერთი გამოკვეთილი პოლიტიკოსი აქედან ასე უბრალოდ გადაიხვეწოს. თვითმფრინავის ეგ ბილეთები ამოიღე და ჩემს თვალწინ დახიე, დარჩი და გამარჯვებამდე ერთად ვიბრძოლოთ.

ჟვანია რომ წასულიყო, სათავეში გარანტირებულად, რომელიმე მარგინალი აღმოჩნდებოდა.  

გაგრძელება იქნება

მსგავსი თემები:

1. როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს ბადრი პატარკაციშვილი, ნუგზარ საჯაია და ზურაბ ჟვანია და სად იყო "რკინის კაცი" კახა თარგამაძე?

2. "შევიკრიბეთ მამუკა ხაზარაძესთან მე, დათო გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე, მამუკამ თქვა - დროა, მოვიპოვოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი პოლიტიკაში“

3. ბერეზოვსკი, პატარკაციშვილი, პომპადური, "ტიტანიკი" და "რუსთავი 2" - რას ნანობდა რუპერტ მერდოკი?

4. როგორ და რატომ მიიყვანა ეროსი კიწმარიშვილი ედუარდ შევარდნაძემ ბადრი პატარკაციშვილამდე?

5. რა ურჩია ასლან აბაშიძემ ეროსი კიწმარიშვილს?

6. რატომ უგზავნიდა გია დვალი "რუსთავი 2“-ს ამერიკიდან ყოველთვიურად ასეულობით დოლარს?

7. ვინ არის "კურიერის" ნათლია და რატომ ქვია ყველაზე პოპულარულ არხს "რუსთავი 2" ?