ხალხით ვაიძულებ სისტემას საგამოძიებო კომისიის შექმნას - მაჩალიკაშვილმა უკვე 52 ათასი ხელმოწერა შეაგროვა
ხალხით ვაიძულებ სისტემას საგამოძიებო კომისიის შექმნას - მაჩალიკაშვილმა უკვე 52 ათასი ხელმოწერა შეაგროვა

A+ A-

14:50 23/10/2019

“საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის იმედი მაქვს თუ არა, ეს მეორე საკითხია. ჯერ უნდა შევაგროვო ხელმოწერები. თუ კომისიას არ შექმნიან, ხალხის თანადგომით ვაიძულებ სისტემას, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნას“,- ამის შესახებ  “2020NEWS” -თან პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის შედეგად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

-ბატონო მალხაზ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უარყო ის ფაქტი, რომ თავი მოიკლა სპეცრაზმელმა,  რომელმაც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თქვენს შვილს, თემირლანს ესროლა.  რამდენად სანდოა წყარო, რომელზე დაყრდნობითაც აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელეთ?

- რამდენიმე პიროვნებამ მითხრა, რომ ამ სპეცრაზმელმა თავი მოიკლა. სხვისი გადმოცემული ინფორმაცია გავავრცელე, მტკიცებით ფორმაში არ მისაუბრია. ამ თემის შესახებ არ მაქვს სრული ინფორმაცია და ფაქტებით საუბრი, ბუნებრივია, არ შემიძლია. ვიდრე  წყარო ამ ინფორმაციას მომაწვდიდა,  ვიცოდი, რომ ეს სპეცრაზმელი დაჭერილი იყო,  შემდგომში მითხრეს მისი თვითმკვლელობის შესახებ. არასდროს მითქვამს, რომ ამ ინფორმაციის სანდოობაში დაწმუნებული ვარ.

- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე  როგორც იქნა დაკითხეს.  რას უკავშირებთ გამოკითხვების სერიას?

-დაკითხვების სერიას ვუკავშირებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან ამ სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო. საქართველოში ეს საქმე იმიტომ გაწელეს, თემირლამნის წინააღმდეგ რაღაცების შეექმნა მოეხერხებინათ, რაც არ გამოუვიდათ. ეს პირები წელიწადისა და ათი თვის შემდეგ რატომ გამოიკითხნენ?! აქამდე სად იყვნენ?! ან გამოსაძიებელი რა იყო?! სახელმწიფო შევიდა და მძინარე ბავშვი მოკლა.

-ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების დაკითხვის შემდეგ, იმედი მეტად არ გაგიჩნდათ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე  ახლა მაინც, რაღაც დოზით ობიექტურად განიხილება?

-ამ ხელისუფლების  პირობებში ამ საქმეს  ობიექტურად არ გამოიძიებენ. ხელისუფლების მაღალჩინოსნები იძახიან, რომ თუ თემირლანის საქმეს ობიექტურად გამოვიძიებთ, ხელისუფლება თავზე დაგვემხობაო. არა მარტო სოსო გოგაშვილი, მთელი სუსი იძახის, რომ თემირლნი იყო ჩატაევთან დაკავშირებული და ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირიო. ზოგადად, სოსო გოგაშვილი რას იძახის სულ არ მაინტერსებს. სტრასბურგმა 27 სექტემბრიდან 12 კვირა მისცა სახელმწიფოს იმისთვის, რომ მის მიერ დასმულ კითხვებს პასუხები გასცეს. მე დიდი იმედი მაქვს ევროპული სასამართლოსი და არა ქართული მართლმსაჯულების...

- საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით ამ ეტაპზე რამდენი ხელმოწერა გაქვთ შეგროვებული? და ასევე, “ქართული ოცნების“ პოზიციის მიუხედავად კომისიის შექმნის იმედი კვლავ გაქვთ?

-კომისიის შექმნის იმედი მაქვს თუ არა, ეს მეორე საკითხია. ჯერ უნდა შევაგროვო ხელმოწერები. თუ კომისიას არ შექმნიან, ხალხის თანადგომით ვაიძულებ სისტემას, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნას. დღევანდელი მონაცემებით,  52 ათასი ხელმოწერა მაქვს შეგროვებული. 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე