„ეს ყოფილა კეკლიძის მამა, ეს ყოფილა!“
„ეს ყოფილა კეკლიძის მამა, ეს ყოფილა!“

A+ A-

11:41 22/10/2019

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, რომლის სოციალურ სივრცეში გამოფენილი სტატუსები ყოველთვის სასიამოვნოდ წასაკითხია, რეალობაში არეული სიზმრების შესახებ წერს:

„ღამით, ათასი გაუგებარი თუ ცოტათი გასაგები საქმით დაჩეხილი დღის მიბაძვით, სიზმრებიც არეული მოდის: ხან მესიზმრება, რომ ძროხის ბალახის მოსაძებნად მივდივართ მე და მამაჩემი. მივდივართ, მივდივართ, წესით სასაფლაოზე უნდა მივიდეთ და უცებ დიდ სტადიონზე აღმოვჩნდებით. უამრავი ხალხი გვიყურებს და ყვირის: ეს ყოფილა კეკელიძის მამა! ეს ყოფილა! მამაჩემს ორი ცარიელი ტომარა და ნამგალი უჭირავს და მიჩურჩულებს: "ხომ გითხარი ჩემზე აფერი არ დაწერო-მეთქი, ხომ გიჩიოდი." მეც მრცხვენია და გაქცევა მინდა. ამ დროს ბებიაჩემი შემორბის ტაშტით ხელში და მიყვირის: "მოი, აგერ, უცბათ, ფეხები უნდა დაგითბილო!"
"სირცხვილია! - ვუყვირი მეც - ამდენი ხალხი გვიყურებს!"
სახლში შესვლა მინდება და ვხედავ, ჩემი სახლი სტადიონზე შეკრებილ ხალხს ფიცრებად დაუშლია, ხელში ატრიალებენ ამ ფიცრებს, ზომავენ და ადარებენ.
უკან მოვიხედავ და ვხედავ, მამაც და ბებიაც მაყურებელს შერევია - ცოტაც, ცოტაც და ვერ ვასხვავებ მათგან. ვგრძნობ, რომ უკვე მეშინია. ვყვირი. ვყვირი. მეღვიძება.
გაღვიძებული ვხვდები, რა საშინელი საქმეა ეს საჯარო მწერლობა - შენი სულის გამოფენა, რომელსაც სხვები ყიდულობენ და ანაწილებენ. აღარაფერი გრჩება. მეტიც - შენ აღარ რჩები. ზუსტად ვიცი, დიდხანს ვერ გავუძლებ ასეთ სიზმრებს. ვერც მე აქეთ, ვერც მამაჩემი საიქიოს და ვერც ბებია საიქიოშივე. ვერც ჩემი ძველი სახლი - გასაყარზე რომ დგას. ამიტომ, რაღაც დროს დაგემშვიდობებით და იქ გავაგრძელებ წერას, სადაც სტადიონი არასდროს ყოფილა, სადაც სასაფლაოს კიდეებში ამოსული ბალახია, მხოლოდ ბალახი და არაფერი ბალახის გარდა“, - წერს გიორგი კეკელიძე.