დვალსა და აქიმიძეს სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ - სალია
დვალსა და აქიმიძეს სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ - სალია

A+ A-

16:14 17/10/2019

 "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიერ „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ, რადგან სარჩელი ხანდაზმულია.

პაატა სალიას განმარტებით, ქიბარ ხალვაშის სარჩელის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადები დაცული იყო, ხოლო ტელეკომპანიის დამფუძნებლებს სასამართლოში სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ, წარდგენა 2014 წლამდე უნდა მოეხდინათ.

„ადრეა ვისაუბროთ სარჩელის შინაარსზე, თუმცა პრესკონფერენციაზე გაჟღერებული ფაქტებიდან შემიძლია ერთი კომენტარი გავაკეთო. განსხვავება არის ქიბარ ხალვაშისა და ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელებს შორის, რადგან დროში ძალიან დიდი განსხვავებაა. პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშმა მიმართა 10-წლიანი ხანდაზმულობის პერიოდში საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით, ასევე მას ჰქონდა მიმართული პროკურატურისთვის, ჯერ კიდევ 2007 წელს ხანდაზმულობის ვადების დაცვით და სწორედ ეს შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ პროკურატურისთვის მიმართვით დაცული იყო ხანდაზმულობის ვადა და სწორედ ამ შეფასებიდან გამომდინარე, დაკმაყოფილდა ქიბარ ხალვაშის სარჩელი. ამ შემთხვევაში ვნახოთ, როგორ შეაფასებს ხანდაზმულობის საკითხს სასამართლო, თუმცა ჩემი, როგორც იურისტის პოზიციაა, რომ მათი სარჩელი არის დაგვიანებული და მათ ამ სარჩელის წარდგენა უნდა მოეხერხებინათ 2014 წლამდე", - აცხადებს პაატა სალია.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილის 60%-ის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და მათი ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.