რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა აღადგინა
რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა აღადგინა

A+ A-

19:23 16/10/2019

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა აღადგინა, აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, „როსავიაციამ“ „ციმბირის ავიახაზებს“ („ეს-7“) მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა. შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

განკარგულება 15 ოქტომბრით თარიღდება.

დოკუმენტის თანახმად, ავიაკომპანიას მოსკოვი-ქუთაისის რეისის შესრულება კვირაში შვიდჯერ შეუძლია.

ამავე დროს, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს მიერ გავრცელებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „როსავიაციამ“ ავიაკომპანია „გლობუსს“ მოსკოვი-ქუთაისის რეისების შესრულების უფლება გაუუქმა.

შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით ივლისში შეწყდა. ხოლო ნიუ-იორკში გამართული გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას, ქართული მხარის მოთხოვნით, საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც მოგვიანებით სერგეი ლავროვმა განაცხადა, შეხვედრტის მთავარი თემა საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა იყო.