მივცემთ ანაკლიის კონსორციუმს საშუალებას, 2019 წლის ბოლომდე მოიპოვოს საკუთარი კაპიტალი - ცქიტიშვილი
მივცემთ ანაკლიის კონსორციუმს საშუალებას, 2019 წლის ბოლომდე მოიპოვოს საკუთარი კაპიტალი - ცქიტიშვილი

A+ A-

23:37 15/10/2019

ივნისში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა, დღეს კი შუალედური ვადა ამოიწურა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პირისპირ“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„მიმდინარე წლის ივნისში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა 2019 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. დღეს ამოიწურა შუალედური ვადა. ამ ვადის მთავარი ამოცანა იყო, რომ მისი დაცვის შემთხვევაში ჩვენ ერთობლივად გვექნებოდა იმის გარანტია, რომ ეს ვალდებულება წლის ბოლომდე ნამდვილად შესრულდებოდა. სამწუხაროდ, დღეს ეს ვალდებულება არათუ ნაწილობრივადაც არ შესრულდა, არამედ, სამწუხაროდ, კონსორციუმმა რაიმე სახის დოკუმენტაციის წარმოდგენაზე უარი მოვისმინეთ.

მთავრობამ ვადები 2017 წლის აგვისტოდან ჯერ 2017 წლის დეკემბრამდე, შემდეგ 2018 წლის დეკემბრამდე გაახანგრძლივა. 2018 წლის ბოლოდან ჩვენ დავიწყეთ სამმხრივი მოლაპარაკებები და ხელშეკრულება კიდევ 6 თვით, 2019 წლის ივნისში კი წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სრული უფლება, ხელშეკრულება დღესვე მოვშალოთ, ჩვენ მივცემთ კონსორციუმს იმის საშუალებს, რომ ბოლომდე ამოწუროს მისი რესურსი და 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ასევე 400-მილიონიანი სესხი.

სინამდვილეში, ამ პროექტს მთავრობის მხრიდან მხარდაჭერის გარდა არაფერი ჰქონია. კონსორციუმი აცხადებს, რომ ინვესტორების მოზიდვა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის გამო ვერ ხერხდება, თუმცა ეს არის მოგონილი მიზეზი, რომლითაც ისინი წარუმატებლობას ხსნიან. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის ფაქტი, რომ გადავადება 2017 წლის აგვისტოდან ხდება, გამოძიების შესახებ კი ჩვენ მხოლოდ მიმდინარე წლის დასაწყისში გავიგეთ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და კონსორციუმის ორმა უცხოელმა წევრმა დღეს ბრიფინგი გამართეს. ლევან ახვლედიანის თქმით, იმის ნაცვლად, რომ მთავრობას ანაკლიის პროექტისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა, რამდენიმე მიმართულებით მისი საბოტაჟი განახორციელა. ახვლედიანი ასევე გამოეხმაურა ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის მოწოდებას და განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილის გასაჯაროებას არ აპირებს.