"შევიკრიბეთ მამუკა ხაზარაძესთან მე, დათო გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე, მამუკამ თქვა - დროა, მოვიპოვოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი პოლიტიკაში“
"შევიკრიბეთ მამუკა ხაზარაძესთან მე, დათო გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე, მამუკამ თქვა  - დროა, მოვიპოვოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი პოლიტიკაში“

A+ A-

12:29 15/10/2019

“2020NEWS” აგრძელებს ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას. რა აკავშირებდა ბადრი პატარკაციშვილს „ახალ მემარჯვენეებთან“, რა არ აპატიეს გაჩეჩილაძე-გამყრელიძის გუნდის წევრებმა ზურაბჟვანიას, იყო თუ არა ახალი თაობის პოლიტიკაში მოსვლის პროექტში ჩართული მამუკა ხაზარაძე და დაიპყრო თუ არა გია თორთლაძემ ევერესტი.

"მანამდე მომავალი “ახალი მემარჯვენეები”, ნიკო ლეკიშვილის სახით, ჟვანიას კონტროლირებად ბიზნესმენთა ჯგუფს წარმოადგენდნენ. ამ ჯგუფს მოქალაქეთა კავშირში ჟვანია მფარველობდა, პარლამენტში მან შეიყვანა, და უცბად, სრულიად მოულოდნელად, თან ზუსტად საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ეს ჯგუფი ჟვანიას დაუპირისპირდა.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლევან გაჩეჩილაძე და დავით გამყრელიძე ჟვანიას ცალსახად გაემიჯნენ, მათ მოქალაქეთა კავშირის სიით გასული რამდენიმე დეპუტატიც შეურთდა, კიდევ რამდენიმე ადამიანი შეუერთდათ - ახალი სახეები, წარმატებული ბიზნესმენები.

მომხდართან დაკავშირებით ათასი ვერსია გავრცელდა. ამბობდნენ, რომ წინასწარი შეთანხმებით, პრემიერ-მინისტრის პოსტი უნდა შემოეღოთ და პრემიერ-მინისტრად დათო გამყრელიძე უნდა დაენიშნათ და ჟვანიამ ეს შეთანხმება დაარღვია - პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ პოზიცია შეიცვალა. ისინი, ვინც პრემიერი ან დარგობრივი მინისტრები უნდა გამხდარიყვნენ, გადააგდო, რის გამოც ეს ხალხი ჟვანიას გაემიჯნა და თავად გააქტიურდა. სინამდვილეში “ახალი მემარჯვენეების” დაფინანსება მთლიანად ბადრიმ იკისრა. ეს, უხეშად რომ ვთქვათ,  მისი შპს იყო.

მეც გამიხსენეს. 2000 წლის სექტემბერში ჩემთან ლევან გაჩეჩილაძე მოვიდა, რომელმაც შემომთავაზა - მოდი, შევიკრიბოთ და მომავლის გეგმებზე ვილაპარაკოთ. “ჩვენი თაობა, ახალი გეგმები... ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება...”

სიამოვნებით შევხვდი. მართლა ჩვენი თაობის წარმომადგენელი იყო, ლევანის მეუღლე და მე კურსელები ვიყავით, დათო გამყრელიძეც ჩემი კურსელი იყო...

რამდენჯერმე “Georgian glass end mineral waters” კომპანიის მაშინდელ ოფისში, ჭავჭავაძეზე - მამუკა ხაზარაძის კაბინეტში შევიკრიბეთ - მე, მამუკა ხაზარაძე, დათო გამყრელიძე, ლევან გაჩეჩილაძე. “მოდი, დავიწყოთ მოძრაობა. დროა, რომ ჩვენმა თაობამ მოიპოვოს თავისი კუთვნილი ადგილი პოლიტიკაში, ქვეყნის მართვაში,” - და მე დავეთანხმე, მაგრამ რეალურ ბერკეტებს მაინც სხვა თაობა ფლობდა.

ამავე საუბარში მითხრეს, თან ძალიან ბოდიშის მოხდით, რომ პროექტში მონაწილეობა სახელგანთქმულ გია თორთლაძეს და ფიქრია ჩიხრაძეს უნდა შესთავაზონ: “იცი, რა, გია თორთლაძე ჩვენი მეგობარია, ჩვენთანაა, შენ ხომ არაფერი გექნება საწინააღმდეგო? და ფიქრია ჩიხრაძე...” - რომელთანაც მანამდე ასევე დიდი დაპირისპირება მქონდა.

გია თორთლაძის ამბავი ცალკე საუბრის თემაა. მე და გია, უფრო სწორად, გია ჩემზე ადრე, მერე კი უკვე ერთად, მთაში დავდიოდით, ერთად ვიყავით საქართველოს მთამსვლელთა ძირითად გუნდში, ნაკრებში, ჩვენი ახალგაზრდობის საუკეთესო წლებში ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. გია არ ითვლებოდა საუკეთესო მთამსვლელად, მაგრამ იყო საუკეთესო მენეჯერი, კარგი ორგანიზატორი, ფანტასტიკური იუმორი ჰქონდა.

შემდგომ საქმიანობის გამო ჩვენი გზები გაიყო, მე ალპინიზმს ჩამოვშორდი. მთელი 90-იანი წლები მე ალპინიზმთან აქტიური ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ ჩემს სამეგობროში ხშირად ხუმრობდნენ, თუ როგორ დადიოდა მთაში გია თორთლაძე.

გიამ მთამსვლელობაზე ბიზნესის კეთება დაიწყო. მაგალითად, ასლან აბაშიძისგან რაღაც თანხას მიიღებდა და თუკი ექსპედიცია ჯდებოდა 50 ათასი, სინამდვილეში ხარჯავდა 10 ათასს, 40 ათასი რჩებოდა თორთლაძეს - მთელი ბიზნესი ეს იყო. ძირითადად, გია ექსპედიცებში მარტო მიდიოდა და ბევრი მთამსვლელი ამბობდა, რომ ამ ექსპედიციების დროს გია მთაზე არ ასულა. ამას ყურადღებას არავინ აქცევდა. ჯერ ერთი, საქართველოში ომი მიმდინარეობდა და ვინ შეამოწმებდა, გია ავიდა თუ არ ავიდა მწვერვალზე, ამიტომ ითვლებოდა, რომ ხალხს მისდამი შური ალაპარაკებდა.

ასე იარა გიამ მთელი 90-იანი წლები. მეგობრები მას პადოშას ვეძახდით და ერთად შეკრებილები ხშირად მის მიერ მორიგი ვითომცდა მწვერვალის დაპყრობაზე ვხუმრობდით.

ასლან აბაშიძის გარდა, მან სხვა სპონსორებიც გამოძებნა. ხან თბილისის მერია აფინანსებდა, 1999 წელს კი ზურა ჟვანის თხოვნით სიგარეტის კომპანია “ომეგამ” მას ექსპედიციისთვის კოლოსალური თანხა - 200 000 დოლარი გამოუყო.

ფაქტიურად, ეს თანხა ქართული ალპინიზმის განვითარებას უნდა მოხმარებოდა და არა ერთი ადამიანის თუნდაც ჰიმალაებში გამგზავრებას.  მითუმეტეს, რომ ეს ადამიანი, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ბევრ მთაზე არ ასულა, საქართველოში ჩამოსული კი ამბობდა: “ავედი!”

ერთხელაც კოკამ წყალი არ მოიტანა. 1999 წელს მოხდა ისე, რომ ჰიმალაებში ორი ქართული ექსპედიცია ერთდროულად წავიდა. ერთმა, რომელსაც ჩემი მეგობარი ბენო ქაშაკაშვილი ხელმძღვანელობდა, საჭირო სახსრები დამოუკიდებლად იშოვა და ევერესტისკენ ტიბეტის მხრიდან, ანუ ჩრდილოეთიდან, ჩინეთიდან წავიდა. მეორე ექსპედიცია და მასთან ერთად ასევე ჩემი მეგობარი, გია თორთლაძე სამხრეთიდან, ანუ კლასიკური მარშრუტით წავიდა. თორთლაძე ჟვანიამ დააფინანსა.

ორივე დელეგაცია ევერესტზე წარმატებულად ავიდა, მაგრამ გაჩნდა კითხვა მათ შორის ვინ ავიდა მწვერვალზე პირველი? ამას პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინაიდან სხვაობა სულ რამდენიმე დღე იყო, მაგრამ საქართველოში დაბრუნებულ თორთლაძეს მთელი საქართველო შეეგება, პირადად პარლამენტის თავმჯდომარე აეროპორტში დახვდა და პადოშა ქალაქში ხელში ატაცებული შემოიყვანეს. მეორე დელეგაციის ჩამოსვლა არავის გაუგია, ყველაფერმა ძალიან კამერულად ჩაიარა.

ჩავთვალოთ, რომ ეს ჟვანიას საარჩევნო კამპანიის ძალიან ეფექტური ნაწილი იყო.

გადის დღეები, გადის კვირეები და უცებ იმის თაობაზე ალაპარაკდნენ, რომ თორთლაძის ექსპედიცია ევერესტზე კი ავიდა, მაგრამ თავად გია, რომელიც ამ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა, სადღაც შუაგზაში დარჩა. ამაში არაფერი დრამატული არ არის, ექსპედიცია ავიდა და გიას შეეძლო საერთოდ არაფერი ეთქვა, მაინც ჩაითვლებოდა, რომ მან წარმატებას მიაღწია, მაინც გმირი იქნებოდა. მაგრამ გიას უნდა იცნობდეთ! ძალიან გაღიზიანდა: « როგორ არ ავსულვარ!»

ჩემმა ჟურნალისტმა ამის თაობაზე სიუჟეტი მოამზადა. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ თბილისში ხმა დაირხა, რომ გია თორთლაძე ევერესტზე არ ასულა. 

მე ამ დროს ტელეკომპანიის მორიგი ტექნიკური პრობლემების გამო, სადღაც ვარ გადახვეწილი.

ამ სიუჟეტში თვითონ პადოშას ინტერვიუც იყო, ის ამბობდა: « რა სისულელეა! აი, ბატონო, გადაღებული სურათები, აი, აგერ, აპა შერპას კვალი, აი ის დროშა, აგერ - ეს. » ვიდეო არა აქვს, მაგრამ ამბობს, რომ « სურათები აგერაა, რას ლაპარაკობთ, როგორ არ ავსულვარ! »

როგორც მერე გავარკვიე, გიამ შუალედური ბანაკიდან საბაზო ბანაკში გადმოსცა, მწვერვალზე ყველანი ავედითო. სხვა მთასვლელები იმის გამო გაჩუმდნენ, რომ ამ ექსპედიციის წევრები იყვნენ და უხერხულ დღეში აღმოჩნდნენ.

ცოტა ხანში დიდი სკანდალი ატყდა. სკანდალი დაიწყო არა ამ სიუჟეტის გასვლის გამო. მისთვის ბევრს ყურადღება არ მიუქცევია, თანაც იქ მხოლოდ კითხვა დაისვა -ავიდა თუ არა პადოშა ევერესტზე, სადაც თავად გია ამტკიცებდა: როგორ არ ასულა!

ამ სიუჟეტის შემდეგ თორთლაძემ დამირეკა. მე ვუთხარი, რომ ჩემთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, იმიტომ რომ ვიცოდი, რაც მოხდა და ისიც ვუთხარი, რომ სიუჟეტი ვნახე და მე მგონი, სიუჟეტი საშენოა და ახლა ძალიან თუ დაიწყებ იმის მტკიცებას, რომ ნამდვილად ახვედი, პირიქით, ბევრი კითხვა გაჩნდება-მეთქი. არ დაკმაყოფილდა, ხან ირინა სარიშვილს დაარეკინა, ხან ზურა ჟვანიას ათხოვნინა. მოკლედ, მთელი თბილისი ჩარია, ვისაც, მისი აზრით, ჩვენზე გავლენა ჰქონდა. საბოლოოდ, ვუპასუხეთ, რომ თემას აღარ გავაგრძელებდით.

ამის შემდეგ უზარმაზარი კამპანია დაიწყო. ყველა არხზე - გამოდიოდა და განუწყვეტელ რეჟიმში ჰყვებოდა იმას, რომ მწვერვალზე ავიდა, სადღაც მთამსვლელებიც მიიყვანა, მათთან ერთად იჯდა ეთერში, «აი, ხომ გახსოვთ» და ესენი მდუმარედ თავს უქნევდნენ. ამ შოუების ძირითადი აზრი ის იყო, რომ უსინდისო «რუსთავი 2» და მისი უსინდისო ხელმძღვანელობა პადოშას ცილს სწამებს!

ბოლოს გაბრაზებულმა «საღამო მშვიდობისას»  წამყვანს ნანა ჯაფარიძეს შუა ქაქანში დავურეკე და ვუთხარი: მოდი, გია, რამე ვქნათ - ან თქვან იმ ალპინისტებმა, ვინც შენთან ერთად იყვნენ, რომ ახვედი, თუ არადა, დავამთავროთ ამ თემაზე დისკუსიები-მეთქი. ამაზე გია თორთლაძეს საბოლოოდ მოეშალა ნერვები და მაშინ მთელი თბილისი ლაპარაკობდა, რომ რა არის, რა უბედურებაა «რუსთავი 2»-ს არანაირი ზნეობა არ გააჩნია, საწყალ ბიჭს ჩაგრავენ, რას ერჩიან, მაგათთვის ხომ წმინდა არაფერია...

დაიწყო დიდი ბრძოლა. მე ვთხოვე ჟურნალისტებს _  “იქნებ ადგეთ და გააკეთოთ რამე, გამოიკვლიეთ,  ჟურნალისტები  ხართ  თუ რა, ბოლოს და ბოლოს”.

ხან  ბენო ქაშაკაშვილი მოიწვიეს, ხან - სხვა. გაიმართა დებატები, მაგრამ საქართველოში ხომ ჭეშმარიტების დადგენა შეუძლებელია, საბოლოოდ ხომ ყველაფერი ლეგენდად უნდა დარჩეს, და  ახლაც ასე გამოვიდა: გაირკვა, რომ რაღაცა მოხდა, მაგრამ რა? აღარავის აინტერესებდა. ავიდა პადოშა თუ არ ავიდა - ეს საქართველოს არ ადარდებს. სამაგიეროდ, ყველამ გაიგო, რომ ”რუსთავი 2” პადოშას ერჩის და კაცი დაიჩაგრა. ასე დამთავრდა ეს ისტორია.

ბუნებრივია, გიასთან  ურთიერთობა აღარ მქონდა და როცა მითხრეს, რომ ამ საქმეში გიაც მონაწილეობს, რა თქმა უნდა, გაღიზიანებულმა ვთქვი, რომ   ევერესტის ცრუ დამპყრობთან მეგობრობა, ცოტა  არ იყოს - ძნელია. მით უმეტეს, იმის შემდეგ, რაც მან გააკეთა.

თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, გიამ მერე ივაჟკაცა და 2001 წელს მართლა ავიდა ევერესტზე. ამით თითქოს დაამტკიცა, რომ პირველადაც ასული იყო. ყოველ შემთხვევაში ამბობდა,  ერთხელ კი არა, ორჯერ ავედი მაგათ ჯინაზეო.

როგორც უკვე აღვნიშნე,”ახლებთან” საუბრის დროს, ფიქრია ჩიხრაძის სახელიც წამოტივტივდა. ლევან გაჩეჩილაძეს ჩემთან ურთიერთობის დროს მანამდეც ჰქონდა მცდელობა, რაღაცეები გაერკვია: ”რა ღირს ეს შენი ტელევიზია, ფული ხომ არ ჩაგვედო, ხომ არ გაყიდდი...”  მე პოლიტიკურ ბიზნესში მონაწილეობა არ მიმიღია.  პირიქით, ვუთხარი: ”ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. მე, როგორც ტელევიზიის მეპატრონე, სიამოვნებით მივესალმები ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენას. კონკურენციას გინდ ჟვანიასთან,  გინდ შევარდნაძესთან, ვისთანაც გინდათ.” ამიტომ დავრჩეთ კარგ ნაცნობებად - დიდი მეგობრობა არასოდეს გვქონია. მათ თავისი პროექტის კეთება გააგრძელეს, თუმცა მერე აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ეს  ბადრის პოლიტიკურ პროექტს წარმოადგენდა", - წერს ეროსი კიწმარიშვილი.

გაგრძელება იქნება