საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გიბრალტარს დაუპირისპირდება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გიბრალტარს დაუპირისპირდება

A+ A-

10:15 15/10/2019

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდის მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე შედგა. საწვრთნელი პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. ეროვნული ნაკრები მატჩისთვის 19 ფეხბურთელით ემზადება.

ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა და ვაკო ყაზაიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

„ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, დღეს პირველი ვარჯიშისთვის ვემზადებით. ადვილი თამაში არ იქნება, რადგან მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლით მატჩში პირველად ვიქნებით ფავორიტის რანგში. ამასთან ერთად, გიბრალტარის ნაკრებსაც სურს, აჩვენოს ხარისხი და გოლი გაიტანოს. ამიტომ, არ იქნება იოლი თამაში. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვიმოძრავებთ მოედანზე და როგორ ვიქნებით ტაქტიკურად მომზადებული კონკრეტულად ხვალინდელი მატჩისთვის. შეტევაში უკეთ უნდა ვიმოქმედოთ, ვიდრე გასულ შეხვედრებში. დანიისა და ირლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ფრედ ვითამაშეთ, მაგრამ გოლი აუცილებლად უნდა გავიტანოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ“, - განაცხადა ვაისმა. 

„გასულ შეხვედრებში დაცვაში კარგად ვმოქმედებდით, მაგრამ შეტევაში აგრესია გვაკლდა. ჩემი აზრით, პირველ რიგში ეს კომპონენტი უნდა გავაუმჯობესოთ და ხვალინდელ შეხვედრაში შექმნილი მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ორი შეხვედრაა დარჩენილი, ამ გუნდის წინააღმდეგ ერთხელ უკვე ვითამაშეთ და ამ მატჩშიც გამარჯვება იქნება მთავარი მიზანი. ჩვენი, თითოეული ფეხბურთელის სურვილია, რომ გულშემატკივრები გავახაროთ და მატჩი სასურველი შედეგით დასრულდეს“, - განაცხადა ყაზაიშვილმა. 

გიბრალტარისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 15 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩს იტალიელ მსაჯთა ჯგუფი მოემსახურება.