ბერეზოვსკი, პატარკაციშვილი, პომპადური, "ტიტანიკი" და "რუსთავი 2" - რას ნანობდა რუპერტ მერდოკი?
ბერეზოვსკი, პატარკაციშვილი, პომპადური, "ტიტანიკი" და "რუსთავი 2" - რას ნანობდა რუპერტ მერდოკი?

A+ A-

14:38 11/10/2019

“2020NEWES” ეროსი კიწმარიშვილის ძალიან საინტერესო მოგონებების გამოქვეყნებას აგრძელებს:

„პუტინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პატარკაციშვილს და მის პარტნიორს,  ბორის ბერეზოვსკის, პუტინთან ურთიერთობა გაუფუჭდათ. უფრო სწორად, ბერეზოვსკის გაუფუჭდა, რაც ბადრის მონაყოლის თანახმად, კურსკის ჩაძირვის ამბავს უკავშირდებოდა. ბადრი კურსკის ტრაგედიის გამო, პირადად პუტინს ადანაშაულებდა.

მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა მაინც უფრო დიალექტიკური ხასიათისა იყო: იმ ხალხს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღოდა მის აღზევებაში, პუტინი ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ იმით გადაუხდიდა, რითაც გადაუხადა, ანუ თავიდან მოიშორებდა.

მიუხედავად იმისა, რომ პირადად მას პუტინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ბადრი უკვე საქართველოში წამოსვლას აპირებდა. ის ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა, მან ბერეზოვსკის, რომელზეც ძებნა გამოცხადდა და რომელიც გადაყვანილი ჰყავდათ ნომერ პირველი მტრის რეჟიმში, სოლიდარობა გამოუცხადა და რუსეთი დატოვა. ბერეზოვსკის უარყოფის შემთხვევაში, ბადრის რუსეთში ძალიან მშვიდი და ტკბილი ცხოვრება ელოდა. ისევე, როგორც აბრამოვიჩს, მასაც სიბნეფტის აქციებით ფრიად კომფორტულად შეეძლო თავი ეგრძნო.

მან სხვა გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოში ჩამოვიდა. 1999 წლის ბოლოს - 2000-ის დასაწყისში ის უკვე თბილისის დიდი ჭორების და ინტერესის საგანი იყო. წარმოიდგინეთ: 90-იანი წლების ბოლოს გაღარიბებული ქართული ინტელიგენცია, ქალაქი, რომელშიც ცხოვრების დონე მაღალი ნამდვილად არაა და უცებ, რუსეთიდან ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ჩამოდის.

ბადრის სიმდიდრე კი ასეთი იყო: სიბნეფტის აქციების დაახლოებით ერთი მესამედი ეკუთვნოდა მას, მესამედი - ბერეზოვსკის, მესამედი - აბრამოვიჩს.

სწორედ ამ დროს უცნაური ამბავი შემემთხვა: უცხოეთიდან უცხო კაცმა დამირეკა და თქვა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მედიამოთამაშის, ნიუს კორპორეიშენის ევროპის ფილიალის დირექტორს საქართველოში ჩამოსვლა და ჩვენთან საუბარი სურდა.

მართლაც, ამ ტელეკომპანიის ევროპის ფილიალის ვიცე-პრეზიდენტი მარტინ პომპადური ტელევიზიაში გვეწვია. სიმპათიური, მაღალი, ახოვანი, ელეგანტური დასავლელი, განათლებული, ბრწყინვალედ ჩაცმული, პროფესიონალი. მაშინ, 2000 წელს, როცა ასეთი უზარმაზარი მედია-კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი “რუსთავი 2”-ში, მე-17 სართულზე ამოვიდა, პატარა, სადა ოფისი გვქონდა, თუმცა ჩვენ გვეგონა, რომ ძალიან დიდი იყო და კომფორტული.

გაოცებისაგან ენა გადავყლაპეთ და ყბა ჩამოგვივარდა. ამ კაცმა კი მშვიდად მოგვახსენა, რომ მას და ნიუს კორპორეიშენს ევროპის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის რუმინეთსა და ბულგარეთში სურთ ინვესტიციების ჩადება, რომ რუსეთშიც აქვთ რაღაც ინტერესი, მაგრამ იქ ტელევიზიების მოპოვება უჭირთ, მხოლოდ რადიოებით იფარგლებიან და, რომ შემდეგი მათ სიაში საქართველოა. აქ, რა თქმა უნდა, საუკეთესო ჩვენ ვართ და ამიტომ მზად არიან, ჩვენი საკითხი განიხილონ. მზად არიან, ინვესტიცია განახორციელონ. მზად არიან, ხელი მოაწერონ ძალიან დიდი შეთანხმებას, რომელიც ტრენინგსაც გულისხმობს. პირადად ჩემთან რაღაც ხუთწლიანი ხელშეკრულების გაფორმება უნდათ, მე ამერიკაში დამპატიჟებენ, სადაც მედიის, ტელევიზიის მენეჯმენტს მასწავლიან - მოკლედ, კონკიას ამბავი.

ჩვენც სრულიად გულწრფელად, გახსნილები ვესაუბრებოდით, ვეუბნებოდით, რომ კი, გვესმის, რომ ჩვენ ძლიერი ტელევიზია ვართ, მაგრამ მარკეტი ძალიან პატარაა და მულტიპლიკატორი სულ სამი თუ ოთხია და შეშინებულები ვუყურებთ თვალებში, მართლა სამი თუ ოთხია... ჩვენ ექვსჯერ-შვიდჯერ ნაკლებად დავაფასეთ საკუთარი თავი, რეალურად ტელევიზიის ღირებულება ბევრად მაღალი იყო.

აღტყინებულები ვართ პარტნიორები, უბედნიერესები. ეს რა გვეღირსა! ამერიკული ინვესტიცია! ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება ამერიკული ქოლგა, ჩვენ დაცულები ვიქნებით და ვერანაირი შევარდნაძე, ვერავინ და ვერაფერი ვერ დაგვემუქრება! ცალკე ცოდნა, ცალკე ტელევიზიის განვითარება, ამერიკული ოცნება ახდა!

უცნაური ამბავი აეროპორტში შეგვემთხვა, როცა ჩვენს მაღალ სტუმარს ვაცილებდით. ძველ აეროპორტის შენობაში მარცხენა მხრიდან იყო ვიპი, არა სამთავრობო, არამედ ჩვეულებრივი ვიპი. აი, ამ ვიპში მივედი, რომ მომსახურების ღირებულება, რამდენიმე ათეული ლარი გადამეხადა და მითხრეს, რომ სტუმრის მომსახურების ფასი გადახდილია. ძალიან გაკვირვებულმა ვიკითხე, ვინ გადაიხადა-მეთქი. აი, ბატონმა გოგი ჯაოშვილმა გადაიხადაო.

მივესალმე, ხელი ჩამოვართვი, წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო. ვკითხე, ეს რატომ გააკეთეთ-მეთქი და უცბად მივხვდი, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს იცნობდნენ, ეს პომპადურის გარემოცვა და ჯაოშვილი ერთად არიან.

მაშინ ვერაფერს ვერ მივხვდი. რამდენიმე დღის შემდეგ რამდენიმე ჩემს ნაცნობს ვკითხე, ვინ არის გოგი ჯაოშვილი-მეთქი, და ბოლოს მითხრეს, რომ ის ბადრი პატარკაციშვილის თანაშემწე და უახლოესი მეგობარი იყო. ყველაფერი გაირკვა: შევარდნაძის ნათქვამი, რუსი ოლიგარქის ვინაობა, რომელსაც ტელევიზიის ნაწილი უნდა ეყიდა...

ბადრიმ სხვა სქემით ითამაშა. გადაწყვიტა, თვითონ არ გამოჩენილიყო და ამერიკელების სახელს ამოფარვოდა. სწორად გათვალა - მიხვდა, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, ტელევიზიის ბიზნეს-ფასს დავასახელებდით, ის კი ჩრდილში დარჩებოდა და მთელი ისტორია, ასე ვთქვათ, რაფინირებულად იქნებოდა შეფუთული. მაგრამ ამ შემთხვევის გამო, თვალები ამეხილა. კიდევ იყო რაღაც დეტალები, ჯერ კიდევ პამპადურის ჩამოსვლამდე,  როცა ჩვენი კომპანიის შესასწავლად რამდენიმე ჯგუფი რატომღაც რუსეთიდან ჩამოვიდა. ძალიან მიკვირდა. მერე ერთ წევრს სავიზიტო ბარათი გამოვართვი, ზედ ეწერა: “ლოგოვაზ ნიუს კორპი”. ბერეზოვსკის და პატარკაციშვილის “ლოგოვაზი” ცნობილი კომპანია იყო, მაგრამ “ლოგოვაზი” და “ნიუს კორპი” თუ პარტნიორები იყვნენ, წარმოდგენა არ მქონდა. პასუხად კითხვაზე, ჩვენ “ნიუს კორპს” ველაპარაკებით თუ “ლოგოვაზს”-მეთქი, მოგვახსენეს: “იცით რა, თქვენ ხომ რუსულად ლაპარაკობთ, ინგლისურად ვერ ლაპარაკობთ, ამიტომ, ბუნებრივია, რუსულენოვან სპეციალისტებს ვგზავნით. მხოლოდ ამის გამო. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვყავს მეგობრები რუსეთში, მაგრამ ეს თქვენ არ გეხებათ.”

საბოლოო ჯამში, ყველაფერი გასაგები გახდა და ბადრის შევუთვალე, რომ თუ საუბარი ტელევიზიის ყიდვა-გაყიდვას ეხება, მოდი, ჩვენ დავილაპარაკოთ და ამ ეშმაკობას თავი დაანებე-მეთქი.

2000 წლის გაზაფხულზე ბადრის შევხვდი. ბადრის რიტუალების სასახლე ჯერ კიდევ არ ჰქონდა ნაყიდი, ან იქნებ ნაყიდი ჰქონდა, მაგრამ ჯერ გარემონტებული არ ჰქონდა. ჩვეულებრივი რვასართულიანი სახლის უკანა შესასვლელთან ხალხი ფუსფუსებდა, ავტომატიანი დაცვა, იმ დროის თბილისისთვის ამდენი ტოპ-მანქანა ეგზოტიკა იყო, ამდენი ერთად საერთოდ არავის ენახა. გარედან დაყენებული ლიფტით ბოლო სართულზე ავედით, ორსართულიან ბინაში, სადაც უცნაური ხალხით გარშემორტყმული ბადრი დამხვდა. პირველი, რაც თვალში მომხვდა, მისი დიდი, ნახევრადძვირფასი ქვისგან დამზადებული მარტორქების უზარმაზარი კოლექცია იყო. ოთახში ერთი, ათამდე მარტორქა იდგა.

მე ვუთხარი, რომ იცით რა, მოდი, დავანებოთ თავი ერთმანეთის მოტყუებას და იმაზე ვილაპარაკოთ, მას რა ინტერესი აქვს, რა სურს ჩვენგან. რა თქმა უნდა, ძალიან მოწიწებით ველაპარაკებოდი - ის რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო, მე კი - ქართული ბიზნესის ერთ-ერთი წარმომადგენელი. 1999-2000 წლების საუკეთესო ბიზნეს-კომპანიათა ათეულში დასახელებული კი ვიყავი, მაგრამ მასშტაბი მაშტაბია.

ვიღაცამ დაურეკა და როცა დაამთავრა, მითხრა, რომ რუპერტ მერდოკს ელაპარაკა. ისტორია მომიყვა: “იცი შენ?” _ ასე იცოდა ბადრიმ, უყვარდა გრძელი ისტორიების მოყოლა. მომიყვა, როგორ გადაიღეს « ტიტანიკი » და როგორ მივიდა “ტიტანიკის” რეჟისორი მერდოკთან, როგორ შესთავაზა მერდოკს ეს იდეა, როგორ მისცა მერდოკმა 100 მილიონი თუ 200 მილიონი, და როგორ დააკლდა ამ კაცს კიდევ 40 მილიონი და კიდევ ერთხელ მივიდა მერდოკთან და როგორ უთხრა მერდოკმა, მე აღარ დაგაფინანსებო. და ამის შემდეგ წავიდა რეჟისორი და 40 მილიონისთვის რაღაც უფლებები ვიღაცას გადასცა, რასაც თურმე მერე მერდოკი ძალიან ნანობდა, იმიტომ რომ “ტიტანიკი” კინოს ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი იყო.

ძირითად თემას მხოლოდ ცოტა ხნით შევეხეთ. ბადრიმ თქვა, რომ ფული, რა თქმა უნდა, პრობლემა არაა, მაგრამ ის არ თვლის საჭიროდ, რომ ზედმეტი ფლანგოს, რომ თუ შევთანხმდებით, მას უნდა, რომ ჩვენ კომფორტულად ვიყოთ, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ...

მას ასეთი საუბრის მანერა ჰქონდა. « კომფორტულობა“ და “რელაქსირებულობა ბიზნესში” მისი საყვარელი სიტყვათშეთანხმებები იყო. დიდი პაუზის შემდეგ ვუთხარი, რომ ბიუჯეტებზე დავფიქრდები. ბუნებრივია, უწინ დასახელებული თანხა უნდა დავივიწყოთ-მეთქი, და ამ მომენტიდან მოყოლებული მოლაპარაკებები დავიწყეთ, რომლებიც დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა.

პოლიტიკური ბრძოლა ძალიან გამწვავდა: 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შევარდნაძემ გაიმარჯვა, მან ზემოთნახსენები რუსული სცენარით აბაშიძეს მოუგო.  ბუნებრივია, მესამე ვადით ის პრეზიდენტი ვეღარ გახდებოდა და ამიტომ პოსტშევარდნაძისეული პერიოდისათვის ძალიან აქტიური მომზადება დაიწყო. შევარდნაძის ოცდაათწლიანი მმართველობა 2005 წელს დასრულდებოდა და კლანები აღელდნენ: რა როგორ დაიბევებინათ, ვინ მოიგებდა, როგორ გადალაგდებოდა ყველაფერი...

ამ პირობებში ერთ-ერთი მთავარი როლი ტელევიზიამ უნდა შეასრულოს და ქვეყანაში ყველაზე რეიტინგული ტელევიზია ჩვენ გვეკუთვნოდა.

როგორც მოგვიანებით გავარკვიე, შევარდნაძემ პირდაპირ მოსთხოვა საქართველოში დაბრუნებულ ბადრის, რომ “რუსთავი 2” მას გაეკონტროლებინა. შევარდნაძე ვარაუდობდა, რომ მართული “რუსთავი 2”-ის პირობებში, 2005 წელს მისთვის სასურველი სიტუაცია შეიქმნებოდა.

ამ დროს, ბადრიმ უშუალოდ მისი პოლიტიკური გუნდი ჩამოაყალიბა.  “ახალი მემარჯვენეები” - მთლიანად ბადრის პროექტს წარმოადგენდა. ამ პროექტში ახალგაზრდა, ანუ ჩემი თაობის ბიზნესის წარმომადგენლები ჩაერთნენ“, - წერს ეროსი კიწმარიშვილი.

გაგრძელება იქნება