სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკა მელიას ელექტრონულ სამაჯურს არ მოხსნიან
სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკა მელიას ელექტრონულ სამაჯურს არ მოხსნიან

A+ A-

18:16 10/10/2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობა, რომელიც დაცვის მხარემ წარადგინა.

მელიას თავდებში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები უდგებოდნენ. მოსამართლე გიორგი კერატიშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას კვლავ რჩება ყველა ის შეზღუდვა, რაც ამ დრომდე ჰქონდა დაწესებული, მათ შორის ელექტრონული სამაჯურიც.

ცნობისთვის, მოსამართლემ ნიკა მელია სხდომათა დარბაზიდან გააძევა. ამის მიზეზი მელიას მიერ მოსამართლესთან სიტყვიერი შელაპარაკება გახდა. მელიამ მოსამართლეს უთხრა, რომ ის გადაწყვეტილებებს სატელეფონო ზარების შემდეგ იღებს, რაც მოსამართლემ უარყო და მელიას უთხრა, რომ სასამართლო დარბაზიდან გააძევებდა თუ არ გაჩუმდებოდა, პარალელურად კი ჩაქუჩი დაარტყა რამდენჯერმე.

ამაზე მელიამ მოსამართლეს უპასუხა: “ჩინჩალაძეს, მურუსიძეს და თადუმაძეს დაურტყით ჩაქუჩი", რის შემდეგაც მოსამართლემ მელიას დარბაზი დაატოვებინა.

შეგახსენებთ, 27 ივნისს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა, 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, გენერალურმა პროკურატურამ კი 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა, როგორც პროკურორმა განაცხადა, მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.