თუ უვადო მოსამართლედ არ ამირჩევენ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობაზე უარს ვიტყვი - ზაზა თავაძე
თუ უვადო მოსამართლედ არ ამირჩევენ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობაზე უარს ვიტყვი - ზაზა თავაძე

A+ A-

17:00 10/10/2019

ზაზა თავაძე აცხადებს, რომ თუ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არ აირჩევს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობაზე უარს იტყვის. ზაზა თავაძის ამ განცხადებას იურიდიულ კომიტეტზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და კითხვით მიმართა მოსამართლეობის კანდიდატს, ხომ არ იყო ეს დეპუტატების მიმართ ულტიმატუმი.

ზაზა თავაძემ კი თავისი ნათქვამი განმარტა, რომ ის თუ უზენაესის მოსამართლედ არ იქნება არჩეული, სამეცნიერო სფეროში წავა. საკონსტიტუციო სასამართლოში კი მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე თვე დარჩა. იმ შემთხვევაში თუ ის თანამდებობას დატოვებს, ეს საკონსტიტუციოსთვის დიდი დანაკლისი არ იქნება.

მამუკა მდინარაძე: სწორია თქვენი მხრიდან ეს დამოკიდებულება? მაგალითად, ხვალ აგირჩიეთ უზენაეს სასამართლოში, შემდეგ სხვა სფეროში დაგჭირდათ ჩვენი მხარდაჭერა, ულტიმატუმს ხომ არ გავს ეს?

ზაზა თავაძე: მე დამრჩა რამდენიმე თვე თავმჯდომარედ ყოფნის. თუ მე არ ვიქნები არჩეული უზენაეს სასამართლოს მოსამართლედ, ვიტყოდი, რომ ფაქტიურად ამით ჩემი კარიერა ამოვწურე, რასაც ჰქვია მოსამართლეობა, და მე მივხედავდი სამეცნიერო სფეროს, რომელიც არჩეული მაქვს კიდეც. გადაწყვეტილებაც მიღებული მაქვს, გერმანიაში სადოქტორო მიმართულებას ავირჩევდი. როცა მე ვიღებდი გადაწყვეტილებას, მიმეღო თუ არა კონკურსში მონაწილეობა, ვფიქრობდი აქეთ წავსულიყავი, თუ იქით.

მამუკა მდინარაძე: თქვენ რომ კანდიდატი არ იყოთ დღეს აქ და უბრალოდ გეთქვათ, მე წავედი სახლში, ან სამეცნიერო საქმიანობას უნდა მივყო ხელი, ეს შეიძლება უფრო გასაგები ყოფილიყო, მაგრამ თუ არ ამირჩევთ უზენაესის მოსამართლედ, მე მივატოვებ ამ სამსახურს...

ზაზა თავაძე: ეს არ იყო ულტიმატუმი, ულტიმატუმი ვის უნდა წავუყენო, არ ამირჩევთ- არ ამირჩევთ, ამირჩევთ- ამირჩევთ. თუ მე არ ამირჩევთ, მე წავალ სამეცნიერო სფეროში.

მამუკა მდინარაძე: რატომ აკავშირებთ ამ არჩევას ან არ არჩევას? ანუ ჩვენს გადაწყვეტილებას უკავშირებთ, თქვენს შემდეგ გადაწყვეტილებას?

ზაზა თავაძე: მე მქონდა ორი არჩევანი, ან წავსულიყავი სამეცნიერო სფეროში, ან უზენაესში. ერთი მეორეს არ გამორიცხავს. მე მაქვს ახლა გერმანიაში 5 წლიანი ათვლა ჩართული. ან დავიცავ გაისად, ან 5 წელიწადში. ვფიქრობ, რობაქიძის უნივერსიტეტში, სადაც მე პროფესორი ვარ, უფრო მეტი დრო მექნება და ვიმუშავებდი სადოქტორო ნაშრომზე. 2-3 თვე დიდი დანაკლისი არ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. აქ ულტიმატუმი ლოგიკური ვერ იქნება.