პუტინთან შეხვედრა უნდა შედგეს, თუკი ჩვენ ომის დასრულება გვსურს - ზელენსკი
პუტინთან შეხვედრა უნდა შედგეს, თუკი ჩვენ ომის დასრულება გვსურს - ზელენსკი

A+ A-

14:45 10/10/2019

ჩემი მთავარი მისია ომის დასრულებაა და ჩვენ გვაქვს გეგმა, თუ როგორ შეიძლება ამის განხორციელება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინულ მედიას განუცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან არ იცის, შესაძლებელია თუ არა დონბასში ომის დასრულების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრა, თუმცა მიიჩნევს, რომ ასეთი შეხვედრა უნდა გაიმართოს.

„ჩვენ შეგვიძლია შევხვდეთ ორ ფორმატში: ნორმანდიული ოთხეულისა და ჩემი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრის ფორმატში. არავინ საუბრობს პუტინთან პირისპირ შეხვედრის შესახებ იმიტომ, რომ ყველა წინააღმდეგია. მე არ ვიცი, შესაძლებელია, თუ არა ასეთი შეხვედრის გამართვა. მე ვიცი ერთი რამ: ეს შეხვედრა უნდა ჩატარდეს, თუკი ჩვენ ომის დასრულება გვსურს” , – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, მისი მთავარი მისია დონბასში ომის დასრულებაა.

„მინდა გაგახსენოთ, როგორი ზელენსკი აირჩია საზოგადოებამ – მათ აირჩიეს პრეზიდენტი, რომელიც ომს დაასრულებს. მე ყოველთვის ასეთ პიროვნებად დავრჩები. გვაქვს გეგმები, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას. მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ჩემი მთავარი მიზანი ომის დასრულებაა,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

ინფორმაციას ukrinform-ი ავრცელებს.