ბიძინა ივანიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის რჩეულ ზაზა თავაძესაც დიპლომთან დაკავშირებული პრობლემები აქვს
ბიძინა ივანიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის რჩეულ ზაზა თავაძესაც დიპლომთან დაკავშირებული პრობლემები აქვს

A+ A-

13:06 10/10/2019

დღეს საკანონმდებლო ორგანოში მართლმსაჯულების უმაღლეს ინსტანციაში - უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს უსმენენ. „დიპლომების სკანდალი“ მის შემთხვევაშიც გრძელდება. შერჩეულ და გადარჩეულ კანდიდატებს შორის მოხვედრილი თავაძის დიპლომთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს და არასამთავრობო სექტორს კითხვები აქვს. თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკითხი მას ხელს არ უშლის, რადგან “2020NEWS”-ის ინფორმაციით, თავაძე ბიძინა ივანიშვილის რჩეულია და მისი უზენაეს სასამართლოში გამწესება უკვე გადაწყვეტილია. ამის შესახებ “2020NEWS” რამდენიმე თვის წინ, ექსკლუზიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა.

ვინ არის ზაზა თავაძე? - ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2016 წლის 20 ოქტომბრიდან დაინიშნა. იგი საკონსტიტუციოში მდიდარი საპროკურორო გამოცდილებით მივიდა, რა გამოცდილებაც მის ზურაბ ადეიშვილთან მუშაობის წლებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ იგი ზურაბ ადეიშვილის გარემოცვის უახლოეს წევრად მოიაზრება. 2010-2016 წლებში თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო; 2010 წლის 30 მარტიდან კი იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გახდა.

2008-2010 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის მოადგილე იყო. ამ წლებში გენერალურ პროკურატურას ზურაბ ადეიშვილი ხელმძღვანელობდა. 2007-2008 წლებში კი - თავაძეს საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2004-2007 წლებში საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ კი - ამავე დეპარტამენტის უფროსი გახლდათ. მან 1992 წელს ქალაქ ზესტაფონში ილია აბულაძის სახელობის საშუალო სკოლა დაამთავრა. 1996 წელს კი საქართველოს ღია ჰუმანიტარული ინსტიტუტი დაამთავრა, სამართალმცოდნეობის სპეციალობით, იურისტის კვალიფიკაციით. მის ბიოგრაფიაში წერია, რომ 2001-2002 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, გერმანულენოვან მაგისტრატურაში (?) ხოლო 2008-2010 წლებში - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი დაამთავრა და მიიღო ბიზნესის მართვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით.

2017 წლიდან ზაზა თავაძე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტია, 2018 წლიდან კი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი. აღსანიშნავია, რომ თავაძის დიპლომის დაწესებულ მოთხოვნასთან შესაბამისობას აყენებს ეჭვქვეშ სახალხო დამცველი. როგორც ომბუდსმენის ანგარიშშია აღნიშნული, ოფიციალური დოკუმენტაციით ცალსახად დასტურდება, რომ ზაზა თავაძის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლება ვერ აკმაყოფილებს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნას. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში თავაძის მიერ წარმოდგენილ იქნა ცნობა, რომ ის სწავლას აგრძელებს დოქტორანტურაში, თუმცა ამ დროისათვის დოქტორის ხარისხი მას მინიჭებული არა აქვს. შესაბამისად, მოცემულ მომენტში ზაზა თავაძის უმაღლესი იურიდიული განათლება შემოიფარგლება მხოლოდ ბაკალავრის აკადემიური ხარისხით, რაც ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეებისათვის დადგენილ მოთხოვნას უმაღლესი იურიდიული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხით ფლობასთან დაკავშირებით.

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, არათუ პარლამენტისათვის არ უნდა წარედგინა მისი კანდიდატურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, არამედ არც უნდა დაერეგისტრირებინა ის კანდიდატად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში!!!!

რაც შეეხება მის ქონებრივ დეკლარაციას - ზაზა თავაძის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მისი და მისი მეუღლის თეა ძოწენიძის სახელზე რამდენიმე სახის უძრავი ქონება ფიქსირდება. თავაძეებს 2018 წელს შეძენილი აქვთ 846 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 285 921 ლარად, თბილისში ძოწის ქუჩაზე. ასევე, განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ 2017 წელს, ზესტაფონის რაიონ სოფელ ზედა საქარაში, რამდენჯერმე ფიქსირდება მიწის რეგისტრაცია თავაძის სახელზე, უცნაური შეძენის ფორმით - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში და საერთო ჯამში, მის სახელზე დარეგიტრირებული მიწის საერთო ფართმა შეადგინა 5 000 კვ.მეტრი.

2018 წელს თავაძეებმა 40 000 ლარად ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბახმაროში შეიძინეს 146,22 კვ.მ ხის კოტეჯი. იქამდე ერთი წლით ადრე კი - 5 000 დოლარად შეიძინეს 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღნიშნულ ტერიტორიაზე. თავაძის დეკლარაციიდან ასევე ირკვევა, რომ მათ საკუთრებაში ყაზბეგის გამზირზე მდებარე 36 კვ.მ სარდაფია. დეკლარაციიდანვე ირკვევა, რომ თავაძის საკუთრებაშია ორი იარაღი. ერთი 2012 წელს სანადირო თოფი-James Purdey and sons უფიქსირდება და მეორე კარაბინი-Sig Sauer 716 Patrol5 600 ლარად. რაც შეეხება ავტომობილებს - თავაძეების საკუთრებაშია 2013 წლის „ტოიოტა კოროლა“, რომელიც 11 000 დოლარად აქვთ შეძენილი 2016 წელს.

კანდიდატი ზაზა თავაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოსამართლეა. 2010-2018 წლებში მისმა ანაზღაურებამ თითქმის მილიონ ლარს მიაღწია. ყველაზე მაღალი ხელფასი 2017 წელს უფიქსირდება - ჯამში, 138,484 ლარი. კანდიდატის გამოკვეთილად მაღალი ანაზღაურება მედიის ყურადღების საგანი არაერთხელ გახდა, მათ შორის, 2016 წელსაც, როდესაც 2 თვეში ხელფასის სახით 37,478 ლარი მიიღო. უკანასკნელი მონაცემების თანახმად, კანდიდატს ორი მიმდინარე სესხი აქვს „საქართველოს ბანკში“, რომლის ჯამური ოდენობაც 257,000 ლარია. თავაძის საქმიანობას უკავშირებდა რამდენიმე საქმე, უპირველესად შეგვიძლია დავასახელოთ უცხოელთა საკუთრების უფლების შეღუდვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. სადავო ნორმები ზღუდავდა უცხოელის საკუთრების უფლებას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საქართველოში (როგორც შეძენის, ასევე, ფლობისა და სარგებლობის ნაწილში).

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, მოსამართლე ზაზა თავაძის მონაწილეობით, აღნიშნული რეგულაციები არაკონსტიტუციურად გამოაცხადა კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლებასთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის მსგავსი საკანონმდებლო რეგულაციის საქართველოს კონსტიტუციაში ასახვასა და ძალაში შესვლამდე, სასამართლომ კიდევ ორჯერ გამოაცხადა არაკონსტიტუციურად. ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, ზაზა თავაძის თავმჯდომარეობით, მიიღო სასამართლოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა სამართლებრივ სტატუსსა და უფლებრივ მდგომარეობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეცვალა ქმედუუნარობის ინსტიტუტი და გააუმჯობესა ადამიანთა კონკრეტული ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობა. შეგახსენებთ, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენს.

ცნობისათვის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ამჟამად, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული კიდევ ერთი იურისტი, მოსამართლე მზია თოდუა ასრულებს.