არ მყოლია არანაირი “პატრონი“, გავიზარდე ზესტაფონში, ჩამოვედი თბილისში, ჩამოვყალიბდი პროფესიონალად - თავაძე
არ მყოლია არანაირი “პატრონი“, გავიზარდე ზესტაფონში, ჩამოვედი თბილისში, ჩამოვყალიბდი პროფესიონალად - თავაძე

A+ A-

13:00 10/10/2019

„არ მყოლია არანაირი „პატრონი“. გავიზარდე ზესტაფონში, ჩამოვედი თბილისში, ჩამოვყალიბდი პროფესიონალად“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ზაზა თავაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

მას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ კითხვით მიმართა, იმ შემთხვევაში თუ ზაზა თავაძე უზენაესის მოსამართლე გახდება, იქნება თუ არა დამოუკიდებელი, რადგან, დეპუტატის თქმით, ის წინა ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობას იკავებდა, იმ პერიოდში კი, უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ყველა სფეროში ჩარევის ძალიან ცუდი მცდელობები იყო.

„თქვენ პროფესიულ წარმატებას მიაღწიეთ იმ პერიოდში, რომელსაც ჩვენ ძალიან ხისტად, კრიტიკულად ვუდგებით. არ ვიქნები ძალიან სუბიექტური, თუ ვიტყვი, რომ სავსებით სამართლიანადაც, ქართული საზოგადოება შეთანხმებულია, რომ ეს იყო პერიოდი, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, იყო სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ყველა სფეროში ჩარევის ძალიან ცუდი მეთოდები, მცდელობები და ამას ხშირ შემთხვევაში ახერხებდნენ კიდეც. ამის შედეგები თქვენც არანაკლებ ჩემზე კარგადაც იცით. ამ პერიოდში მიაღწიეთ თქვენ პროფესიულ წარმატებას. და პროტესტი თქვენი მხრიდან მსგავს საკითხებზე არ ყოფილა. ამის შემდეგ თქვენი პროფესიული წინსვლა გაგრძელდა, და ეს მოხდა 2012 წლის შემდეგ. რა გარანტია აქვს საზოგადოებას, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად თქვენ იქნებით დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ობიექტური, იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაინახავთ გადახრას დემოკრატიიდან ამას გააპროტესტებთ?“, - მიმართა მამუკა მდინარაძემ ზაზა თავაძეს.

ზაზა თავაძემ კი უპასუხა, რომ ის თავის საქმის პროფესიონალია, პროფესიონალები კი ყველა პერიოდში ფასობენ.

„საკმაოდ რთული შეკითხვაა, მაგრამ მე ძალიან კარგად ჩავხვდი მის მორალს. მე ჩემს წინ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რაც შეიძლება ჩემი უფლებამოსილების განხორციელებისას შეცდომები მომხდარა, მაგრამ ეს არ იყო ის შეცდომები, რომელსაც უნდა მიქცეოდა ყურადღება გნებავთ ადმინისტრაციულის მიმართულებით, სისხლისამართლებრივი თავისთავად გამორიცხულია. მე ვარ სელფ- მეიდ, არ მყოლია არანაირი „პატრონი“, ასე მოვდივარ მთელი ჩემი კარიერა. დავიბადე ზესტაფონში, გავიზარდე ზესტაფონში, იქ დავამთავრე სკოლა, თბილისში ჩამოვედი, სადაც მანამდე ალბათ ხუთჯერ ვიყავი ნამყოფი, ამის შემდეგ მოდის და მოდის ჩემი კარიერა. მე ჩამოვყალიბდი პროფესიონალად, ჩემი საქმის მცოდნედ, პროფესიონალი კი, ნებისმიერ დროში ფასობს. გადახედეთ ჩემს ბეგრაუნდს, შეხედეთ ჩემს გადაწყვეტილებებს, ბოლო 10 წლისას, მე გავიხსენებდი ძალიან ბევრ კომენტარს, თუნდაც თქვენსას, თქვენი კოლეგებისას, რომლებსაც არ მოსწონდათ ჩემი გადაწყვეტილებები. მე ვფიქრობ, სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდი. მაგრამ თქვენ ამის კრიტიკას ვერავინ დაგიშლით, ვერც თქვენ და ვერც საზოგადოებას. შეიძლება არასასურველ რაღაცას ვაცხადებ, მაგრამ თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში მე ვიქნები დამოუკიდებელი, შეუვალი, რომელიც სჭირდება ქართულ დემოკრატიას და დასჭირდება ჩვენს შვილებს“, - განაცხადა ზაზა თავაძემ მამუკა მდინარაძის კითხვის საპასუხოდ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ზაზა თავაძეს უსმენენ. ზაზა თავაძე ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა. ის 2008-2010 წლებში იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო.