შალვა თადუმაძემ დიპლომზე კითხვების მოხსნა ვერ მოახერხა - გია ხუხაშვილი
შალვა თადუმაძემ დიპლომზე კითხვების მოხსნა ვერ მოახერხა - გია ხუხაშვილი

A+ A-

17:51 09/10/2019

პოლიტიკის ექსპეტი გია ხუხაშვილი “2020NEWS” -თან აცხადებს, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის განმარტებებმა დიპლომთან დაკავშირებით საზოგადოებაში დამატებითი კითხვები გააჩინა.

მისი თქმით, შალვა თადუმაძის პასუხები არადამაჯრებელი და სუსტი იყო.

“სამწუხაროდ, შალვა თადუმაძის განცხადებები არ იყო დამაჯერებელი. შალვა თადუმაძის წინააღმდეგი არაფერი მაქვს, მაგრამ დიპლომთან დაკავშირებით კითხვების მოხსნა მან ვერ მოახერხა. უფრო მეტსაც გეტყვით, კიდევ უფრო მძიმე სურათი გამოჩნდა მისი პასუხებიდან. არ ვფიქრობ, რომ პრობლემა თადუმაძეა. პრობლემა იმ ადამიანშია, რომელიც ასეთ საკადრო გადაწყვეტილებებს იღებს. დამნაშავეა ის, ვინც ამ ქვეყანაში ასეთი ტიპის საკადრო პოლიტიკას ატარებს. შალვა თადუმაძე ყველაზე ცუდი ვარიანტი არ არის. თუ ეს საკადრო ალგორითმი არ შეიცვალა, მომავალში უარესს ვნახავთ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს, შალვა თადუმაძეს პარლამენტში მოუსმინეს, რომლის პასუხებმა დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით, დამატებითი კითხვები გააჩინა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე