თათია თოდაძეს უნდოდა გამხდარიყო ცნობადი, ჰქონოდა უფრო მაღალი შემოსავალი - ჯიშკარიანის ადვოკატი
თათია თოდაძეს უნდოდა გამხდარიყო ცნობადი, ჰქონოდა უფრო მაღალი შემოსავალი - ჯიშკარიანის ადვოკატი

A+ A-

13:16 09/10/2019

ისანი-სამგორის დეპუტატის ილია ჯიშკარიანი მისთვის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. როგორც “2020NEWS” ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე ჯიშკარიანი კვლავ რჩება სამედიცინო დაწესებულებაში და ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გამოკითხვენ დეპუტატს მთავარ პროკურატურაში.

ადვოკატის ინფორმაციით, დაცვის მხარე გეგმავს საქმესთან დაკავშირებით ახალი მტკიცებულებები და მოწმეები წარადგინოს, რითაც შეეცდებიან, დაამტკიცონ, რომ ეს იყო მიზანმიმართული დაგეგმილი პროვოკაცია.

“ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მისი მკურნალი ექიმი შუადღისკენ გააკეთებს განცხადებას, სწორედ ის იტყვის იქნება თუ არა შესაძლებელი, რომ ჯიშკარიანი სამედიცინო დაწესებულებიდან გამოვიყვანოთ. ჯერჯერობით ვერ გეტყვით ზუსტად, როდის მოხდება მთავარ პროკურატურაში მისი გამოკითხვა. მას გუშინ წარუდგინეს ბრალი, გაეცნო და დააფიქსირა, რომ ბრალს არ ეთანხმება. ახლა ჩვენ უნდა მოგვისმინოს მეორე მხარემ, ისევე როგორც საზოგადოებამ და მედიამ. ვინაიდან პროცესი დაიწყო ოფიციალურად და ბრალი წაეყენა, მოწმეები ისაუბრებენ ნელ-ნელა, ჩვენ მოვიპოვებთ და წარვადგენთ კონკრეტულ მტკიცებულებებს, პროცესი იქნება გამჭირვალე, ყველაფერს წარვადგენთ სასამართლოში და გამოკვლევის ეტაპზე ყველაფერი იქნება გამჭირვალე. გავასაჯაროვებთ თუ რამხელა აგრესიის, ცინიზმის, მსხვერპლი გახდა ეს ადამიანი. ილია ჯიშკარიანი აქამდე არ აკეთებდა და ვერ აკეთებდა განცხადებებს საზოგადოების წინაშე და სწორედ ამან ჩააგდო ასეთ წამგებიან პოზიციაში, თუმცა ამის შემდეგ მოგვიწევს ისეთ თემებს შევეხოთ და ისეთი ფაქტები გავასაჯაროვოთ, რაც არ არის მიზანშეწონილი. პირველ რიგში ჩვენ გავასაჯაროვებთ და დავადასტურებთ თამთა თოდაძის განზრახვებს, სწორედ აქედან დავიწყებთ“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

როგორც ადვოკატი “2020NEWS” საუბარში აღნიშნავს თოდაძის ქცევა მიზანმიმართული პროვოკაციაა და მან აღნიშნული გარკვეული დივიდენდების მისაღებად გააკეთა.

კუბლაშვილის თქმით, ეს არის პოლიტიკური თამაშის ნაწილი და ამით ებრძვიან “ქართულ ოცნებას“ .

“თათია მიდრეკილი იყო იმისკენ, რომ გამხდარიყო ცნობადი, ჰქონოდა უფრო მაღალი შემოსავალი, იგი უკმაყოფილი იყო იმ ანაზღაურებით, რაც ჰქონდა და ბოლო პერიოდში მუდმივად კონფლიქტური იყო, რაზეც ბატონი ილია მას შრომით ხელშეკრულებას აღარ უგრძელებდა. კიდევ მრავალი ნიუანსია მისი წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, ნასვამ მდგომარეობაში არაადექვატური ქცევები და ამაზე ისაუბრებს ბევრი ადამიანი მათ შორის ცილისწამებულიც. თოდაძეს იგივე სხვა ადამიანების მიმართაც გაუკეთებია. ეს ყოველივე არის ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაში, ამით ებრძვიან “ქართულ ოცნებას“. როგორც გავარკვიეთ ანალოგიური სცენარი განხორციელდა რამდენი თვის წინა სხვა დეპუტატის და სხვა ადამიანის მიმართ. ბრალი არის წაყენებული ერთი ადამიანის ჩვენების საფუძველზე, თათია რასაც ამბობს იმას დაეყრდნო გამოძიება. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ქალბატონს შეუძლია შევარდეს ხელმძღვანელის კაბინეტში, ჩამოაგდოს ორი ნივთი, იყვიროს და გამოვიდეს, დარეკოს პოლიციაში და დაამთავროს მისი კარიერა. თოდაძემ ჯიშკარიანი გაანადგურა. აქ არ არის საუბარი მის კარიერაზე, საუბარია მის პიროვნულ არსებობაზე, მას ჰყავს შვილები, მეუღლე და არაჩვეულებრივი ოჯახი. ნიშანდობლივია, რომ საუბარი არ არის გაუპატიურების მცდელობაზე, ანუ არ უცდიაო და ცოტა გაუგებარია მისი ახსნა-განმარტება“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

ადვოკატი ასევე იმ დღეს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და ჰყვება, რომ თოდაძე მიზანმიმართულად ჩაუსაფრდა ჯიშკარიანს, შემთხვევამდე კი დეპუტატმა მეუღლეს დაურეკა და წუთი წუთზე ელოდა, რის გამოც თოდაძის მონათხრობი არალოგიკურია.

“ამ კაცმა, რომელიც თოდაძეს 3 წელია იცნობს, აქამდე ერთ ინციდენტსაც არ ჰქონია ადგილი, მაშინ როდესაც, თავად თათიას უნდოდა მასთან საუბარი და მოწმეები ადასტურებენ, რომ თათია ელოდებოდა, როდის წავიდოდნენ თანამშრომლები და უსაფრდებოდა კაბინეტთან ჯიშკარიანს. იმ დღეს თვითონ თათია შედის კაბინეტში აწყობს ისტერიკას, ამ პერიოდში ჯიშკარიანს დარეკილი აქვს რამდენჯერმე მეუღლესთან და ელოდება წუთი წუთზე. ჩვენ ამ ამონაწერებსაც წარვადგენთ. რამდენიმე წუთში მოდის მეუღლე, ფანჯარა არის ღია და იქ გადაწყვიტა ჯიშკარიანმა ყველაფერი? ეს არის აბსურდი, რაღაც არალოგიკურია. ამ გოგოს ჰქონდა მშვენიერი ჩანაფიქრი და განახორციელა. ცნობადობაც მიიღო და ახლა დივიდენდებსაც მიიღებს პოლიტიკური პარტიებისგან და ორგანიზაციებსგანაც. ახლა არჩევნები მოდის და თქვენ ნახავთ რამდენი მსგავსი ამბავი მოხდება. უკვე იყო რამდენიმე თვის წინ მსგავსი და არჩევნების პერიოდში თქვენ ნახავთ როგორი ბრზოლა დაიწყება, ყველაფერს იკადრებენ“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. მას ბრალდება საავადმყოფოში გააცნეს, სადაც უკვე რამდენიმე დღეა მოთავსებულია.