სამშენებლო კომპანია “York Towers”-ის მიერ დაზარალებულები სამართალდამცველი ორგანოებისთვის მიმართვას გეგმავენ
სამშენებლო კომპანია “York Towers”-ის მიერ დაზარალებულები სამართალდამცველი ორგანოებისთვის მიმართვას გეგმავენ

A+ A-

11:27 09/10/2019

სამშენებლო კომპანია “York Towers”-ს არარსებული ფართების გაყიდვაში, საქართველოს შრომის კოდექსის იგნორირებასა და დასაქმებულების მიმართ არასამართლიან და დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

მოქალაქეების თქმით, ყატარული კომპანიის საქმიანობით ინვესტორებიც მოტყუებული არიან.

საერთაშორისო დეველოპერული კომპანია “York Towers” მუშაობს როგორც ევროპაში, ასევე აზიის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც. გააჩნია რამდენიმე დეველოპერული პროექტი და მათ შორის ყველაზე მაშტაბურია საცხოვრებელი კომპლექსი ტაბახმელაში, რომელიც თავის მხრივ ბევრ კითხვებს ბადებს. ძირითადი საქმიანობის გარდა, კომპანია საქმიანობს ისეთ არაპროფილურ სფეროში, როგორიცაა ტურიზმი, საბროკერო საქმიანობა და უცხოელებისათვის ბინადრობის უფლების მოპოვების სფერო.

ერთ-ერთი დაზარალებული მოქალაქის თქმით, კომპანია „York Towers” გამოირჩევა ბიზნესის კეთების არაკორექტული მეთოდებით, არარსებული ფართების გაყიდვით, საქართველოს შრომის კოდექსის იგნორირებით, უხარისხო სამუშაოებით, შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევით, გაუცემელი ხელფასებით, არასამართლიანი და დამამცირებელი მოპყრობით დასაქმებულების მიმართ, განსაკუთრებით ქართველების მიმართ, დასაქმებულების უმრავლესობა ეგვიპტის,  პაკისტანის, ყატარის და სხვა ქვეყნების არალეგალები არიან. მოტყუებული არიან ინვესტორებიც.

მომჩივანი მოქალაქეები ჟურნალისტურ გამოძიებას ითხოვენ და ამავე დროს სამართალდამცველი ორგანოებისთვის მიმართვას გეგმავენ.

აღნიშნულ ბრალდებას სამშენებლო კომპანია “York Towers”-ი უარყოფს. 

წყარო: Front News