თბილისელებს “ისუზუს“ მარკის რვა მეტრიანი, 60 ახალი ავტობუსი მოემსახურება
თბილისელებს “ისუზუს“ მარკის რვა მეტრიანი, 60 ახალი ავტობუსი მოემსახურება

A+ A-

11:20 09/10/2019

თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპის მოედანზე ISUZU-ს მარკის 60 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი წარადგინა.

მერიამ სულ 220 ერთეული ახალი ავტობუსი იყიდა, რომელთაგან 160-ს კომპანია თბილისს 2019 წლის ბოლომდე მიაწვდის. კახა კალაძემ კომპანია ISUZU-ს წარმომადგენლებს ავტობუსების დროულად მოწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.

ძველი ავტობუსების ახალი ავტობუსებით შეცვლა უახლოეს დღეებში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

უკვე ცნობილია მარშრუტები, რომლებზეც „ისუზის“ მარკის 36 ერთეული ავტობუსი გადანაწილდება. პირველად, 12 ძველი „ბოგდანი“ N34 წყნეთი – სადგურის მოედნის მარშრუტზე შეიცვლება. რამდენიმე დღის ინტერვალით კი, ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე გავლენ: N28 – სვანეთის უბანი – მარჯანიშვილის მოედანი – 4 ერთეული; N42 – იყალთოს გორა – ბარათაშვილის ქუჩა – 4 ერთეული; N56 – ორხევი – მეტროსადგური „ისანი“ – 5 ერთეული; N66 – სადგურის მოედანი – შატბერაშვილის ქუჩა (ზემო ვაკე) – 3 ერთეული; N78 – სადგურის მოედანი – ჯაფარიძის ქუჩა (ზემო ვერა) – 4 ერთეული; N108 – სოფ. გლდანი – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – 4 ერთეული.

ახალ ავტობუსში განთავსებულია როგორც უსადენო ინტერნეტის (wifi) მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის ინტერნეტ სიგნალით დაფარვას, ასევე არის თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და მობილური ტელეფონის დასატენად კვების წყარო. ცნობისთვის, დღეს თბილისს 650 ავტობუსი ემსახურება, საიდანაც 145 ლურჯი MAN-ის ავტობუსია, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტმა ჯერ კიდევ წინა მერის მენეჯმენტის პირობებში შეიძინა.