ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის მანდატის დატოვება ბიძინა ივანიშვილმა შეუთვალა
ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის მანდატის დატოვება ბიძინა ივანიშვილმა შეუთვალა

A+ A-

19:36 08/10/2019

ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის მანდატი საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია. „2020NEWS“ -ის ინფორმაციით, მას დეპუტატის მანდატი პარტია „ქართული ოცნების “ თავმჯდომერემ ბიძინა ივანიშვილმა დაატოვებინა. ერთ-ერთი მიზეზი ზარდიაშვილის დეპუტატებს შორის ყველაზე დაბალი რეიტინგია. კულუარული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ვანო ზარდიაშვილს არც კი შეხვდა, შეუთვალა, რომ პარლამენტიდან წასულიყო.  

შეგახსენებთ, შვიდ ოქტომბერს ვანო ზარდიაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ პარლამენტს საკუთარი სურვილით ტოვებდა. მისი თქმით, პარტიის წევრებმა სთხოვეს, რომ დარჩენილიყო, მაგრამ  ხანდახან დგება მომენტი, როდესაც თანამდებობაზე უარი უნდა თქვა, რადგან ის ტალახის სამიზნე აღმოჩნა, რის გამოც მისი ოჯახის წევრები და არასრულწლოვანი შვილები დაუმსახურებელ ცილისწამებასა და ფსიქიკურ წნეხს განიცდიან. ზარდიაშვილის განმარტებით სწორედ ეს გახდა მისი პარლამენტიდან წასვლის მიზეზი.

„მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე ჩემს მხარესაა, ნამდვილად არ მინდა ვიყო პროვოკაციების წყარო იმ ადამიანების თუ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომელებიც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ“, - განაცხადა ზარდიაშვილმა.

დეპუტატი ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ ზარდიაშვილი ბიძინა ივანიშვილმა გაუშვა.

„გარწმუნებთ, ზარდიაშვილი თავისით არსად წასულა. ეს არ არის ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე ღირსება და შეუძლია უარი თქვას რამეზე, რაც მისთვის კომფორტულია. მას მანდატი დაატოვებინეს. ეს გადაწყვეტილება მას მიაღებინეს. რას დაწერს ზარდიაშვილი განცხადებაში, არ მაინტერესებს, იმიტომ, რომ ეს სხვისი დაწერილი ტექსტია“, - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, 26 სექტემბერს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენის დროს ეკა ბესელია უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა, რაც კამათის დროს ზარდიაშვილის მხრიდან ბესელიას მორალზე მინიშნებას მოჰყვა. მოგვიანებით ბესელიამ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს, რომლის პარტიის სახელითაც ვანო ზარდიაშვილი ლაპარაკობდა.

ეკა ბესელია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი ვანო ზარდიაშვილს უვადო მოსამართლეების დანიშვნის პროცესში ჩარევაში და სასამართლოს სისტემაში საკუთარი ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებს.