ლისის ტბასთან დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ლისის ტბასთან დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

A+ A-

10:00 07/10/2019

ლისის ტბასთან დაჭრილი მამაკაცი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამის შესახებ, ჟურნალისტებს რეგიონული ჰოსპიტალის ქირურგმა მალხაზ ბურკაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტი რეანიმაციაში მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. „პაციენტი შემოვიდა უმძიმეს მდგომარეობაში, შემოყვანისთანავე დასჭირდა გულისა და ფილტვის რეანიმაცია . მარჯვენა ქვედა კიდურის არეში, ბარძაყის არტერიის დაზიანებით ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. დაკარგული ჰქონდა ძალიან დიდი რაოდენობის სისხლი. გარდა ამისა, ცივი იარაღით მიყენებული აქვს ჭრილობა გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, მაგრამ დიდი ოპერაცია არ დასჭირვებია. რაც შეეხება ანგიოქირურგიულ ოპერაციას, ის ჩატარდა სწრაფად და მაღალ დონეზე, მაგრამ დაკარგული სისხლის რაოდენობიდან გამომდინარე, ავადმყოფის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. პაციენტი რეანიმაციაში მართვითი სუნთქვის აპარატზე არის შეერთებული“, - განაცხადა მალხაზ ბურკაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში ახალგაზრდა კაცი 6 ოქტომბერს დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ლისის ტბაზე მოხდა, თუმცა დაჭრილი კაცი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით მიიყვანეს და დატოვეს. გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს. კერძოდ, საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 117-ე და 143-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.