გია ყანჩელს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ
გია ყანჩელს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

A+ A-

11:35 05/10/2019

ქართველ კომპოზიტორს, გია ყანჩელს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

როგორც „2020NEWS“-ს საქართველოს კულტურის სამინისტროში განუცხადეს, ცნობილ ომპოზიტორს რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ.

გამოსვენება 5 ოქტომბერს 14:00 საათზე რუსთაველის თეატრიდან იქნება და დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ“, - განუცხადეს უწყებაში სააგენტოს.

გია ყანჩელმა 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა. განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. გია ყანჩელი ნაყოფიერად თანამშრომლობდა რუსთაველის თეატრთან. მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა („კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“). მის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება: ოპერა „და არს მუსიკა“ (1983), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963); „სევდა ნათელი“ – ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985); მუსიკა სპექტაკლებისთვის: „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“ (შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დადგმები); მუსიკა კინოფილმებისთვის: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა.

ის იტალიელ კომპოზიტორებთან – ნინო როტასთან და ენიო მორიკონესთან ერთად, საუკეთესოდ არის მიჩნეული.

შეგახსენებთ, გია ყანჩელი 2 ოქტომბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.