ვგრძნობ, რომ დღეს კარგი დღე იქნება - ლეგენდარული კომპოზიტორის ბოლო სიტყვები (ვიდეო)
ვგრძნობ, რომ დღეს კარგი დღე იქნება - ლეგენდარული კომპოზიტორის ბოლო სიტყვები (ვიდეო)

A+ A-

17:56 04/10/2019

იმედი მაქვს, რომ კიდევ შევხვდებით იქ, - ასე ემშვიდობება დიდ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს მისი მეგობარი და რეჟისორი რობერტ სტურუა. როგორც სტურუა სატელევიზიო ინტერვიუში აცხადებს, მას უჭირს გენიალური კომპოზიტორის გარდაცვალებაზე რამის თქმა, თუმცა მასთან დაკავშირებულ ემოციურ ისტორიებს იხსენებს და მის განსაკუთრბულ წვლილზე საუბრობს.

“არის რაღაც მომენტები, როცა ლაპარაკი უზნეობად მეჩვენება... ერთია როცა შენ გია ყანჩელს აფასებს როგორც კომპოზიტორს, იმიტომ რომ თუ წარმოვიდგენთ მსოფლიო კომპოზიტორებს, როგორც უზარმაზარ თაროებს და იქ ჩალაგებულია ცნობილი სახეები, იქ გია ყანჩელსაც პატარა თარო აქვს. ამ თაროს შექმნა ძალიან ძნელია. მე და გიამ ერთად მოვიყვანეთ ცოლები, ერთად წავედით საქორწინო მოგზაურობაშიც. შარშან გიამ გადაიხადა ჩვენი ქორწინების 50 წელი. ღმერთმა მას ძალიან ბევრი რამე აჩუქა, ნიჭი, სიკეთე, ადამიანური თვისებები და მეც არა მიშავს. მეც გადმომწვდებოდა მისი ადამიანური სიკეთეები, როგორც სპექლტაკლებში როგორც მუსიკა. რუსთაველის თეატრის სახის შექმნაში, იმ სახის, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა და მსოფლიო საუკეთესო თეატრების რიგში ჩაიწერა, რასაკვირველია, გია ყანჩელს უდიდესი წვლილი მიუძღვის. მე ვიტყოდი, რომ შეიძლება ჩემზე მეტიც. ბოლოს გია გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ვნახე, როცა მასთან მივედი დილა იყო და ეძინა , მომვლელმა ქალმა გააღვიძა რობიკო მოვიდაო. პირველი წინადადება რაც მითხრა, ეს ეხებოდა თავის ძმაკაცს, მერე რაღაცეებზე ვილაპარაკეთ და მერე ისევ დაეძინა. რაღაც ბურუსში იყო. დღეს მითხრეს, რომ სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე უთქვამს “ვგრძნობ, რომ დღეს კარგი დღე იქნება“, ეს უთქვამს და წავიდა. იმედი მაქვს, რომ კიდევ შევხვდებით, იქ. იქ ბევრი კარგი ხალხი მიცდის, რამდენი კარგი მსახიობი, რამდენი მეგობარი“, - ამბობს სტურუა.