რატომ უგზავნიდა გია დვალი "რუსთავი 2“-ს ამერიკიდან ყოველთვიურად ასეულობით დოლარს?
რატომ უგზავნიდა გია დვალი "რუსთავი 2“-ს ამერიკიდან ყოველთვიურად ასეულობით დოლარს?

A+ A-

15:49 01/10/2019

„2020NEWS“ აგრძელებს ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას:

„სექტემბერში ეთერში დავბრუნდით. ვმუშაობდით სახალხო ფრონტის ვიდეო კამერით, რომელიც დილით მოჰქონდათ და საღამოს მას ისევ უკან ვუბრუნებდით. ამ პირობებში ჩვენმა ერთ-ერთმა გადაცემამ სატელევიზიო კონკურს “მანას” ნომინაციაში გაიმარჯვა. ეს ერთადერთი ჯილდო იყო, რომელიც რეგიონალურმა ტელევიზიამ მოიგო.
ტელევიზიის გადასარჩენად დათოს ძმა მეცნიერი გია დვალი, რომელიც მაშინ გერმანიაში მუშაობდა, ყოველთვიურად რამდენიმე ასეულ დოლარს გვიგზავნიდა.
ამ პერიოდში სამივე შვილი მყავდა. ოჯახს სრულიად მწირი და ჩემთვისაც გაუგებარი შემოსავლით ვაცხოვრებდი. მაშინ რუსთავში ერთოთახიანი ბინა 800 დოლარად გავყიდე და იას დას 1500 დოლარი ვესესხე და ოროთახიან ბინაში გადავედით. ჩვენი ოჯახისთვის ეს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღეა.

1995 წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა და სატელევიზიო რეკლამიდან ჩვენ იმდენი შემოსავალი მივიღეთ, რომ შეგვეძლო საკუთარი აპარატურა შეგვეძინა.
ამასთან “დოიჩე ველემ” 5000-დოლარიანი გრანტი მოგვცა ასევე ტექნიკური აღჭურვილობისთვის და ტელევიზიას ასე თუ ისე, მინიმალურ დონეზე გავმართავდით.
ჩვენ არ დაგვიწყებია ფიქრია ჩიხრაძის მიერ აღმოჩენილი დახმარება და გადავწყვიტეთ მისთვის ტელეკომპანიის 25 პროცენტი გვეჩუქებინა. მე მას ვუთხარი, რომ სამმა მეგობარმა დავაფუძნეთ “რუსთავი 2” და მას ვიღებდით მეოთხე მეგობრად, წილსაც თანაბრად გადავინაწილებდით. ჩვენ გვსურდა მაუწყებლობის გაფართოება, რისი ერთადერთი საშუალება დეციმეტრული სიხშირის მოპოვება იყო.
პარალელურად ფიქრია ჩიხრაძე თავის მეგობრებთან ერთად ტელეკომპანია “თამარიონის” აღდგენას აპირებდა. 1994 წელს ამ ტელეკომპანიის გადამცემი და სატელევიზიო ანძა დაიწვა და მას შემდეგ ამ სიხშირეს არავინ არ იყენებდა. ეს სიხშირე თავდაცვის მინისტრ გია ყარყარაშვილს ეკუთვნოდა და ფიქრია ტელევიზიის გაკეთებას აპირებდა.

ამ დროს სიხშირეები გავლენის მიხედვით ჰქონდათ გადანაწილებული. სატელევიზიო სიხშირე ჰქონდა ყოფილ თავდაცვის მინისტრ თენგიზ კიტოვანს, “მხედრიონს”, კავშირგაბმულობის მინისტრს და ასე შემდეგ. სიხშირეს კონკურსის გზით ვერ მოიპოვებდი. “გამა+” მეტრული სიხშირე ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის ლიდერის და პარლამენტარ მიხეილ ნანეიშვილის დახმარებით მოიპოვა. დათო დვალი მისი პარტიის წევრი იყო და ნანეიშვილი დაგვეხმარა.

ფიქრია ჩიხრაძეს შევარდნაძესთან განსახილველად ორი წერილი უნდა მიეტანა. “რუსთავი 2“-თვის დეციმეტრული სიხშირის მოსაცემად და “თამარიონის” სიხშირის მოდიფიცირებისთვის. ჩვენი შეთანხმება ჩიხრაძისთვის 25-პროცენტიანი წილის ჩუქებაზე ძალაში იყო, თუმცა ეს დოკუმენტურად არ გაგვიფორმებია. ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ სიტყვას არ გავტეხდით და ამის გაფორმებას არც თავად ფიქრია გვთხოვდა.
მოხდა უცნაური და სასიხარულო ფაქტი. ჩიხრაძემ გვითხრა, რომ “თამარიონს” ვერ აღადგენდა და მან მისი სიხშირე ჩვენ გვაჩუქა. ამას არანაირად არ ველოდით, სიხარულით მეცხრე ცაზე დავფრინავდით. ჩვენ დავფარავდით თბილისს, სადაც ფინანსური რესურსი სატელევიზიო ბიზნესისთვის შეუდარებლად მეტი იყო, ვიდრე რეგიონში.

მართლაც “თამარიონის” სიხშირე ჩვენ გადმოგვცეს, რაშიც გია ყარყარაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის. ჩვენ სასწრაფოდ ჩავედით მოსკოვში, ვიყიდეთ აპარატურა და ოფისი გადმოვიტანეთ თბილისში შრომის სასახლის მეჩვიდმეტე სართულზე, სადაც მაშინ სამი ოთახი ვიქირავეთ. შემდეგი ეტაპისთვის დავგეგმეთ ახალი გადაცემები, მოვიფიქრეთ ახალი პროექტები და სოროსის ფონდში 20 ათასი დოლარის გრანტის მისაღებად პროექტი შევიტანე.
1996 წლის გაზაფხულზე სოროსის ფონდის საბჭო ჩვენი პროექტის დაფინანსების საკითხს განიხილავდა. ამ სხდომაზე მეც მიმიწვიეს. ჩემთვის მოულოდნელად სხდომაზე შემოვარდანენ რაჭის გუბერნატორი თედო ისაკაძე და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე ნიკო ნიკოლოზიშვილი. ისაკაძემ საბჭოს წევრებს გამოუცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენთვის გრანტი არ მოეცათ, ვინაიდან თურმე სატელევიზიო სიხშირე არ გაგვაჩნდა და “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლების ვინაობა ბუნდოვანი იყო. გავოგნდი.
ამათი გააქტიურების მიზეზი მალე გაცხადდა. ჩიხრაძე, ისაკაძე და ნიკოლოზიშვილი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. ისაკაძემ და ნიკოლოზიშვილმა ჩათვალეს, რომ ჩვენ ჩიხრაძეს უსამართლოდ დავუთმეთ ტელეკომპანიის 25 პროცენტი, ვინაიდან სიხშირე ჩიხრაძემ მოგვცა, ამის სანაცვლოდ ტელეკომპანიის 50 პროცენტი წილი მოითხოვეს.
“რაზბორკაზე” ნიკოლოზიშვილის სახლში დაგვიბარეს. პარალელურად ცდილობდნენ ჯარჯი აქიმიძის გადაბირებას, რა გინდა მაგათთან, ჩვენთან ერთად იყავიო.

მათ მოთხოვნას მარტივად და გასაგებად ვუპასუხე: „დავა რომ გვქონდეს თონის აშენებაზე, კი ბატონო. თუკი მიწას გამოგვიყოფდით სანაცვლოდ ნამდვილად მოგცემდით თონის 50 პროცენტს. რაც შეეხება ტელევიზიას, ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან ერთად ტელევიზიის გაკეთებას. ჩვენ ვაკეთებთ თავისუფალ ტელევიზიას. ფიქრიას 25 პროცენტს მხოლოდ მეგობრობისთვის ვუთმობდით.”
მათაც გასაგებად მიპასუხეს: ყველაფერს დაკარგავთ! - ასე დავშორდით ერთმანეთს.

მათ წერილით მიმართეს პრეზიდენტს, რომ თითქოსდა “რუსთავი 2”-ს დროებით გადასცეს სიხშირე და რომ მათ ახლა შექმნეს საკუთარი რაღაც ჯგუფი და ეს სიხშირე ბატონო პრეზიდენტო ჩვენ უკან დაგვიბრუნეო.
1996 წლის 1 ივნისს ახალი სიხშირით დავიწყეთ მაუწყებლობა. თვის ბოლოს 28 თუ 29 ივნისს გიგა ბოკერიას გადაცემა უნდა გასულიყო. მაშინ ვენაში რიჩო ჯავახაძე, ავიაკომპანია “ორბის” მეპატრონე თუ მეწილე მოკლეს. ბოკერიამ გადაცემის ანონსში გამოაცხადა, ჩვენ ვიცით ვინ მოკლა ჯავახაძე და ხვალ ამას ეთერში გავახმაურებთო.
ეს არ მოეწონა მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ შოთა კვირაიას და მთავრობის სხდომაზე ერთი ამბავი ატეხა, ვისია ეს ტელეკომპანია “რუსთავი 2“, საიდან გავიდა ეთერში და ა.შ.
ამას თან დაემატა ჩვენი დავა ფიქრია ჩიხრაძესთან და შევარდნაძის თანხმობით, ივლისის დასაწყისში ეთერიდან გაგვთიშეს, ხოლო სიხშირე ჩიხრაძის რაღაც ფირმას გადასცეს.

ბოკერიამ ჩვენი უფლებების აღსადგენად “თავისუფლების ინსტიტუტი” დაარსა, ხელისუფლება თავისუფალ სიტყვას ებრძვისო, გაიძახოდა და ამით სახელი გაითქვა. დღეს “თავისუფლების ინსტიტუტი” თავად ებრძვის თავისუფალ სიტყვას და უნდა ვთქვა, რომ მათ ამ საქმეში უფრო მეტი წარმატება აქვთ, ვიდრე მაშინ ჰქონდათ, როცა ჩვენ გვიცავდნენ. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ არავითარი ლიბერალური ღირებულებების დამცველები ამ ჯგუფის წევრები არ ყოფილან, მათ მაშინ ჩვენი უფლებების დაცვის საბაბით, გრანტები მოიპოვეს. მერე “იეღოველებს” იცავდნენ, ასევე საზღაურის საფასოდ და როცა საშუალება მიეცათ, მასმედია მთლიანად საკუთარ ცენზურას დაუქვემდებარეს.

ჩვენ კავშირგაბმულობის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შევიტანეთ. თუმცა, სასამართლომ ჩვენს მოპასუხედ ჩიხრაძე ცნო. ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე ომი ქერი მაშინ აქტიურად დაგვეხმარა. ერთერთ სასამართლო პროცესს 5 წამყვანი ქვეყნის დიპლომატიც დაესწრო. თუმცა ის პროცესი წავაგეთ, მაგრამ საბოლოოდ, სასამართლოს გზით ჩვენ გავიმარჯვეთ და 1997 წლის 10 აპრილს ეთერში დავბრუნდით.
ვინაიდან ხელისუფლებას ჩვენი დახურვა არ გამოუვიდა, სტრატეგია შეცვალეს და სახელისუფლებო ტელოკომპანიების საშუალებით ჩვენი “დაძირვა” განიზრახეს. ამ მიზნით, სახელმწიფო ტელევიზიის უფროსად ზაზა შენგელია დანიშნეს, რომელმაც პირველ არხზე “იბერვიზიიდან” ჟურნალისტთა ძლიერი გუნდი გადაიყვანა. სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხიც პოპულარული იყო, იქ კიდევ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერმა ასლან აბაშიძემ გააკეთა ტელევიზია, მას კარგი სიხშირე მისცეს და არც ფინანსები უჭირდა.

ჩვენ ჩავებით კონკურენციაში. “რუსთავი 2”-ს მხოლოდ ინოვაციებით შეეძლო ამ დაპირისპირებაში გამარჯვება და ჩვენ გეზი ამისკენ ავიღეთ. აქედან მოყოლებული, ჩემი გენერალური დირექტორად მუშაობის ბოლომდე “რუსთავი 2” მუდმივად ინოვაციური ტელეკომპანია გახლდათ.

მაყურებელს პირველად პირდაპირ ეთერში ინგლისი-საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩი ვაჩვენეთ. “უემბლიზე” ისხდნენ ქართველი კომენტატორები გიგა ბოკერია და გოგი ქავთარაძე და რეპორტაჟი მიჰყავდათ. მანამდე ჩვენი გუნდის გასვლითი თამაში პირდაპირ ეთერში არასდროს გასულა. თამაშის მეორე დღეს ფეხბურთელებს შავ-ბნელი ვიდეოკასეტა ჩამოჰქონდათ და იმას აჩვენებდნენ მაყურებელს.

“რუსთავი-2” გახდა პირველი ქართული არხი თანამგზავრზე. მაშინ ტელეკომპანია “მირთან” ხელშეკრულება გავაფორმეთ და ყოველდღე ერთი საათით თანამგზავრიდან ვმაუწყებლობდით. ამის გამო ზაზა შენგელიას კინაღამ ოჯახი დავანგრევინეთ. საქმე ის არის, რომ “მირის” დირექტორი მისი მეუღლე სესილი გოგიბერიძე გახლდათ და ხელშეკრულება მან გაგვიფორმა. ის მოიქცა, როგორც ძალიან წესიერი მენეჯერი უნდა მოქცეულიყო. ჩვენს თანამგზავრზე გასვლას დიდი პიარ-კამპანია გავუკეთეთ. ქუჩებში სარეკლამო ბილბორდებზე წამყვანი ჟურნალისტების აკაკი გოგიჩაიშვილის, ეკა ბერიძის, გიორგი სანაიას სურათები გამოვკიდეთ. ამ სურათებზე მათ კოსმონავტის სკაფანდრები ემოსათ. ესიც ტელევიზიის პირველი პროფესიონალურად განხორციელებული სარეკლამო აქცია აღმოჩნდა.

საპასუხოდ, შენგელიამ თანამგზავრიდან პირველმა 24-საათიანი მაუწყებლობა დაიწყო, მაგრამ თანამგზავრზე ჩვენ პირველები გავედით.
1998 წლის ბოლოს, ჩვენ პოპულარობით ყველა კონკურენტს გავუსწარით, რაც სარეკლამო ბაზარზეც აისახა. ჩვენ სარეკლამო ბაზრის 55 პროცენტი დავისაკუთრეთ.

1999 წელს საპარლამეტო არჩევნები ტარდებოდა და ამ პერიოდში პირველობა ფინანსურად ბევრ რამეს ნიშნავდა. პოლიტიკური ჯგუფები ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო არხზე სარეკლამო კლიპებს განათავსებდნენ, რაც სერიოზულ ფინანსურ სარგებელს მოგვიტანდა. გარდა იმისა, რომ კომერციულ რეკლამას პოლიტიკური რეკლამაც ემატებოდა, ჩვენთვის ეს არჩევნები ქვეყნის მომავლის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი და საინტერესო გახლდათ“, - წერს ეროსი კიწმარიშვილი.

გაგრძელება იქნება