სკოლის მასწავლებლებს დღეიდან ხელფასები ეზრდებათ
სკოლის მასწავლებლებს დღეიდან ხელფასები ეზრდებათ

A+ A-

11:33 01/10/2019

სკოლის პედაგოგების ხელფასი დღეიდან 150 ლარით იზრდება. უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები გაზრდილ ხელფასებს უკვე მიმდინარე თვის ბოლოდან მიიღებენ. შედეგად, სრული განაკვეთის მქონე სტატუსიანი პედაგოგების ხელფასი 1000 ლარზე მეტი იქნება.

კერძოდ, უფროსი მასწავლებლების ხელფასი – 1011 ლარი, წამყვანი პედაგოგის – 1435 , ხოლო მენტორის – 1745 ლარი იქნება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლებს 2022 წლამდე ყოველ შემოდგომაზე ხელფასები განსაზღვრული სქემით მოემატებათ და მათი ანაზღაურება პიკს მიაღწევს.

შესაბამისად, უფროს მასწავლებელს – 1700 ლარი ექნება, წამყვან მასწავლებელს – 2135 ლარი, ხოლო მენტორ მასწავლებელს – 2445 ლარი. რაც შეეხება პრაქტიკოს მასწავლებლებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მათ, ვინც 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით კომპეტენციის დადასტურების გამოცდას ვერ ჩააბარებს და უფროსი მასწავლებლის სტატუსს ვერ მოიპოვებს, საჯარო სკოლის დირექტორი საჭიროების შემთხვევაში ვადიან შრომით ხელშეკრულება გაუფორმებს , მის ადგილს კი ვაკანტურად გამოაცხადებს. ამ პოზიციაზე ახალი კანდიდატი კონკურსსის წესით შეირჩევა.