ნიკა ტაბატაძე და დიმა ობოლაძე “ფორმულას“ ეთერში გამოჩნდებიან
ნიკა ტაბატაძე და დიმა ობოლაძე “ფორმულას“ ეთერში გამოჩნდებიან

A+ A-

19:03 30/09/2019

1 ოქტომბრიდან ქართულ სატელევიზიო ბაზარზე ახალი ტელეკომპანია “ფორმულა“ გამოჩნდება და მაუწყებლობას დაიწყებს. როგორც “2020NEWS” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა განუცხადა, ახალი არხი „რუსთავი 2“-ს ძველი შენობიდან დაიწყებს მაუწყებლობას და ეთერში ტელეკომპანიის ყოფილ ჟურნალისტებთან ერთად, ახალი სახეებით გამოჩნდებიან.

“არხი მაუწყებლობას ხვალიდან დაიწყებს, ხოლო საინფორმაციო გამოშვებით ეთერში 5 ოქტომბრიდან შევალთ. არხზე იქნებიან როგორც „რუსთავი 2“-ს ძველი ჟურნალისტები ისე, ახალი სახეები. საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს ელისო ჯარიაშვილი ხოლო იმ ჟურნალისტებს შორის ვინც ახალი არხის პოლიტიკას განსაზღვრავენ იქნება: დავით ქაშიაშვილი, სოფო ზურაბიანი, ქეთი ხიდეშელი და ა.შ. გვექნება ყოველდღიური პოლიტიკური თოქ-შოუ, ხოლო ორშაბათიდან ანუ 7 ოქტომბრიდან ეთერში გავა დილის გადაცემა „დილა მშვიდობისა“ , რომელსაც ეკა სამხარაძე გაუძღვება. ჩვენთან იმუშავებენ ნიკა ტაბატაძე და დიმა ობოლაძე. ნიკა ტაბატაძე სპორტული კორესპოდენტია, ხოლო დიმა ობოლაძე გრაფიკოსი“, - განუცხადა “2020NEWS” ლაფერაშვილმა.

არხზე 25 ოქტომბრიდან გამოჩნდება ყველასათვის საყვარელი სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“, რომელიც ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას გავა ეთერში.

შეგახსენებთ, “ფორმულა კრეატივის“ ჯგუფმა ახალი ტელევიზია “ფორმულა“ დააფუძნა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება გამოცხადდა და მის ყოფილ მფლობელს ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა. ახალი ტელეკომპანიის 51% წილის მფლობელია დავით კეზერაშვილია.